ხშირი კოლხური ტყით დაფარული ფერდობები, რომლებიც ზაფხულში - სიმწვანეში, შემოდგომაზე კი გასაოცარ ყვითელ ფერებშია ჩაფლული, ულამაზესი სანახავია. ზამთარში ეს ადგილი თოვლის საბურველშია გახვეული და წითელი მდინარე, რომელიც ღრმად, ხევში მიედინება, თვალისმომჭრელ სურათს ქმნის.
ზემოთ აღწერილი ულამაზესი გზის ბოლოს მოწამეთას მონასტერია, რომელიც კლდოვან კონცხზე მდებარეობს და VIII საუკუნის ქრისტიანული ტაძარია. მისი წინამორბედი 735-737 წლებში მურვან ყრუს არაბთა ლაშქარმა დაანგრია. შემოსევისას მოწამებრივად აღსრულებული არგვეთის მთავრების, დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფად, მეფე ბაგრატ IV-მ ახალი ეკლესია ააგო. წმინდანების ნეშტებიც დღემდე აქ, ლუსკუმაში ინახება.
აღსანიშნავია, რომ მონასტერი ქუთაისსა და გელათის მონასტერს შორის მდებარეობს და ქუთაისიდან სულ რაღაც 6 კილომეტრშია. ამ ადგილას საოცარ ლეგენდებსაც მოგიყვებიან - ამბობენ, რომ, თუკი ამ ლუსკუმის ქვეშ გაძვრები, ყველა სურვილი აგისრულდება.