KA
Mghvimevi Monastery

მღვიმევის მონასტერი

მდინარე ყვირილის ხეობაში მაღალ კლდეს სალოცავი მიუყვება. ეს მღვიმევის დედათა მონასტერია. შორიდან ის ზღაპრულ ციხესიმაგრეს ჰგავს - კლდეზე მიდგმული თუ მასში შეჭრილი შენობებით, კლდის პირზე გაჭრილი და ვიწრო გზით.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ჭიათურა

მღვიმევის მონასტრის სტრუქტურა

XIII საუკუნეში აგებულ ამ საოცრებას იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ნახავ. მონასტერი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება. მაცხოვრის სახელობის მთავარი ტაძარი ორნავიანი ბაზილიკაა. მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღები კირითა და თლილი ქვითაა აშენებული. ტაძარი ჩუქურთმებითაა შემკული და შიგნიდან მთლიანად მოხატულია. 

იქამდე მისასვლელად ბილიკს უნდა აუყვე, რომელიც კლდეზე ადის, მონასტრის ეზოს კვეთს და მთავარ გამოქვაბულთან წყდება. გამოქვაბულის სიღრმე 35 მეტრია, სიგანე კი - 20-22 მეტრი და თანდათან ვიწროვდება. მაცხოვრის ტაძარი ამ გამოქვაბულის შესასვლელში დგას. მღვიმევის მონასტერს ეკუთვნოდა უნიკალური ჭედური ხატები და ვაზის კარი - ხეზე კვეთის გამორჩეული ნიმუში, რომელიც დღეს თბილისის ხელოვნების მუზეუმში ინახება. 

გამოქვაბულის მეორე მხარეს წმინდა ეკატერინეს პატარა ეკლესიაა, ის მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი და მხოლოდ ფასადი აქვს მიშენებული. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე - ვერძის ბარელიეფი, სამხრეთ კედელზე კი ფრესკული მხატვრობა გვხვდება. 

მთავარი გამოქვაბულის ორივე მხარეს ბევრი პატარა გამოქვაბულია, რომლებსაც მონასტრის მცხოვრებნი ადრე თავშესაფრად იყენებდნენ. 

აუცილებლად ადი მღვიმევში, საკუთარი თვალით ნახე მონასტერი, რომელსაც 2006 წელს ეროვნული მნიშვნელობის უძრავი კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა