KA
Ancient Tomb of Mtskheta

მცხეთის აკლდამა

თბილისიდან დასავლეთით, 20-იოდე კილომეტრის დაშორებით, ქალაქი-მუზეუმი მცხეთა მდებარეობს, რომელიც ძვ.წ. III ათასწლეულიდან იყო დასახლებული და რომლის ისტორიულ ძეგლებსაც იუნესკო იცავს. ის ნამდვილი განძია ისტორიისა და არქეოლოგიის მოყვარულებისთვის. ამ ადგილის ერთ-ერთი საინტერესო ძეგლი კი 1951 წელს აღმოჩენილი აკლდამაა, რომელიც რკინიგზის სადგურთან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
მცხეთა

აკლდამა ჩვ.წ. I საუკუნის ბოლო მეოთხედშია აგებული. შენობის არქიტექტურა სადაა. აშენებულია უდუღაბოდ. იატაკზე  ფილებია დაგებული. გადახურულია წითლად შეღებილი კრამიტით. კედლებსაც მოწითალო ელფერი დაჰკრავს შიდა მხრიდან - შელესილია კირხსნარით, რომელსაც დანაყილი აგური თუ კრამიტი აქვს შერეული. 

აკლდამა დიდგვაროვანი ქალისა და ბავშვის განსასვენებელი ყოფილა. სიმდიდრეზე მიანიშნებს ოქროსა და ვერცხლის ნივთები, რომლებიც მიცვალებულებს ჰქონდათ ჩატანებული. განსაკუთრებით საინტერესოა მომღერალი ჭაბუკის - პანის ბრინჯაოს ქანდაკება. ჭაბუკს ხელები ისე უჭირავს, რომ იფიქრებ, სალამურზე უკრავს. ზოგადად, საქართველოში არაერთი არქეოლოგიური მასალაა აღმოჩენილი, რომელთა საფუძველზეც ვარაუდობენ, რომ ქართველი ერის სამუსიკო კულტურა დაახლოებით სამი ათასწლეულის წინ იწყება (მაგ., იმავე მცხეთაში, კერძოდ, სამთავროში ნაპოვნი გედის წვივის ძვლისგან დამზადებული სალამური ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებით თარიღდება).

აკლდამაში აღმოჩენილი ექსპონატები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა