მეცნიერთა ვარაუდით, მწვანე მონასტერი IX-X საუკუნეებშია აგებული დიდი ქართველი მოღვაწის, გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების - ქრისტეფორესა და თევდორეს მიერ.
მონასტრის ირგვლივ ნაპოვნია კელიები - ბერების საცხოვრებლები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აქ სამონასტრო ცხოვრებით ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ცხოვრობდნენ.
მონასტრის მთავარი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა, მარჯვენა ნავი - წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის, ხოლო მარცხენა წმინდა მეფე თამარის სახელზეა ნაკურთხი.
ეკლესიის ეზოში ორსართულიანი სამრეკლო დგას, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე კი - მოჩუქურთმებული ფანჩატური.
აღმოსავლეთის კედელზე წმინდა გიორგის გველეშაპთან ბრძოლის სცენაა გამოსახული.
2002 წელს აქ მამათა მონასტერი დაარსდა და დიდი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი ღვთისმსახურებაც აღდგა.
მონასტერს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.
აქაურობა ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის ტერიტორიას ეკუთვნის.
ხალხის მეხსიერებაში ერთი ამბავია შემონახული, რომელსაც ამ მონასტერში ბევრი მნახველი მოჰყავს - XVI საუკუნეში აქაურობას შაჰ-თამაზი შემოსევია. მტერს ბერები დაუხოცავს, რომელთა სისხლი იქვე, პატარა ღელეს შერევია. სწორედ ამ ამბავთან აკავშირებენ დღესდღეობით წყალში არსებული წითელი ქვების ისტორიას.