KA

ნაფიჩხოვო - მთა მიგარია

მარტვილის მუნიციპალიტეტი სამეგრელოში მდებარეობს, რომელსაც უძველესი ისტორია და მრავალფეროვანი ბუნება აქვს. თუ სალაშქროდ ხშირად დადიხარ, ამ ადგილებს აუცილებლად უნდა ესტუმრო, მოგზაურობა გაზაფხულზე,ზაფხულში ან შემოდგომაზე დაგეგმო და მარშრუტი სოფელ ნაფიჩხოვოს ცენტრიდან დაიწყო. აქ სატყეო გრუნტის გზა მიგარიის მთისკენ მიემართება, რომელიც მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ეგრისის ქედზე მდებარეობს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

დღე პირველი: სოფელი ნაფიჩხოვო - მთა მიგარია

ნაფიჩხოვო ერთ-ერთი უძველესი მეგრული სოფელია, რომლის ისტორია, ხალხური გადმოცემით, აიეტის დროინდელი კოლხეთიდან იწყება. სიმწვანეში ჩაფლული სოფლიდან მიგარიისკენ მიმავალ გზაზე მთიანი კოლხეთის ულამაზეს ტყეებს გაივლი. დაახლოებით 15 კმ-ში მწყემსების სადგომებს შეხვდები, სადაც დაბანაკდები და იქვე, წყაროზე სასმელი წყლის მარაგსაც შეივსებ. დასვენებისა და წახემსების შემდეგ გზის გაგრძელებას საცალფეხო ბილიკით შეძლებ.

მთის მასივის უმაღლესი მწვერვალი - მიგარია 2026 მ სიმაღლეზე მდებარეობს, რომლის სახელწოდებაც „მიგარია” (მინგარია)“ კოლხთა ერთ-ერთ რელიგიურ წარმოდგენას ასახავს, უფრო კონკრეტულად კი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს უკავშირდება. აქ მიქელ-გაბრიელი, ანუ მიქანგარიო, მწყემსებისა და მთის მცველად  მიაჩნდათ.

მწვერვალზე რომ ახვალ, შენ წინ ულამაზესი კოლხეთის დაბლობი გადაიშლება, რის შემდეგაც საბანაკე ადგილზე დაბრუნებას შეძლებ და დაღამებას დაელოდები.

დღე მეორე: საბანაკე - ნაფიჩხოვო

თვალისმომჭრელი ბუნების დათვალიერების შემდეგ შეგიძლია, საბანაკე ადგილიდან იმავე მარშრუტით სოფელ ნაფიჩხოვოში დაბრუნდე. მიგარიის მდელოები და კირქვული მასივი ცნობილია ენდემური სახეობების მცენარეებით, მათ შორის არის უნიკალური მეგრული არყი (Betula megrelica), ულამაზესი ვორონოვია (Woronowia speciosa) და სხვა.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა