ახალი თბილისის უბნის პერიმეტრი ახლანდელ დავით აღმაშენებლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებს ემთხვევა. დასახლების ცენტრი კოტე მარჯანიშვილის მოედანზე იყო, იქ, სადაც 1897 წელს გერმანელი არქიტექტორის ოტო იაკობ სიმონსონის (1829-1914) პროექტით, უწინდელი პატარა ეკლესიის ნაცვლად, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელზე გოტიკური არქიტექტურული სტილით დიდი მოცულობის ევანგელიკურ-ლუთერანული ტაძარი აიგო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კომუნისტებმა ეკლესია დაანგრიეს და მის ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ააშენეს.
1817 წელს მთავრობის ხელშეწყობით სამხრეთ გერმანიიდან, ვიურტემბერგიდან, ჩამოსახლებული შვაბების პირველი სოფელი მარიენფელდი ახლანდელ სოფელ სართიჭალასთან შეიქმნა.
1818 წლიდან კიდევ 5 გერმანული დასახლებიდან ერთ-ერთი - ნოი-ტიფლისი (Neu-Tiflis), გერმანელ ოსტატ-ხელოსანთა სოფელი - მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სოფლების კუკიისა და ჩუღურეთის სიახლოვეს დაარსდა.
როგორც ქალაქის მეოთხე საპოლიციო ნაწილი, ნოი-ტიფლისი ოფიციალურად 1862 წელს შეუერთდა თბილისს. დასახლების მთავარ ქუჩას და, აგრეთვე, 1868 წელს აქ აშენებულ ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოს (ახლა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, დავით აღმაშენებლის გამზირი №58-60, არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი (1833-1897) რუსეთის იმპერიის დიდი მთავრის, მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვის პატივსაცემად მიხეილის სახელი ეწოდა.
თბილისის 1878 წლის რუკაზე ნოი-ტიფლისის მთავარ მიხეილის ქუჩას უკვე გამზირი ჰქვია. უწინდელი გერმანული სოფელი სრულიად შთანთქა ურბანიზაციამ, რომლის შედეგადაც მკვეთრად შეიცვალა მოსახლეობის ეთნიკური სურათიც - აქ უკვე, გერმანელთა გარდა, სხვა ერების წარმომადგენლებიც სახლდებიან.
1890-იანი წლებიდან მიხეილის გამზირი თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ხდება: აქ შენდება ბევრი სავაჭრო და საზოგადოებრივი შენობა, მდიდარ მოქალაქეთა სახლები, სასტუმროები, პარკები და გასართობი ადგილები - ვარიეტეები, საზამთრო და საზაფხულო კინოთეატრები, კლუბები.
გარკვეულ ხანს ნოი-ტიფლისში ცხოვრობდნენ ცნობილი მწერალი ლევ ტოლსტოი და მომღერალი ფიოდორ შალიაპინი. სწორედ ამ უბანს უკავშირდება ამ ორი ხელოვანის პროფესიული კარიერის დასაწყისი.
ნოი-ტიფლისის ნეოგოტიკური სტილის ეკლესიის მიმდებარე ქუჩას უწინ ეკლესიის ქუჩა ერქვა; ეკლესია გერმანულად არის „კირხე“, ამიტომ რუსულად მას „კიროჩნაიას“ ეძახდნენ; უბნის ურბანული მეხსიერება ახლაც ინახავს ამ სახელს და დღემდე ადგილობრივები ქუჩას სწორედ ასე ეძახიან.
ნოი-ტიფლისის ყოფილ ქუჩებზე გერმანელთა ავთენტიკური არქიტექტურა თითქმის აღარ არსებობს, მაგრამ სწორედ აქაური გერმანელების დამსახურებაა, რომ დავით აღმაშენებლის გამზირზე დღემდე შემოგვრჩა მათი დასახლების შიდა კვარტალური გამწვანების ნაშთი - დღევანდელი ილიას (ყოფილი მაიერის), არტოს (არტისტული საზოგადოების) და ჯანსუღ კახიძის საზოგადოებრივი პარკების სახით.
უბანში გვხვდება როგორც ქართველი, ისე სხვა ერის მდიდარ მრეწველთა და საქმოსანთა საცხოვრებელი და შემოსავლიანი (გასაქირავებელი) სახლები. მათ შორის აღსანიშნავია:
რომის ქ. №4 - ქართველი მეწარმის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი ქართველიშვილის (1827-1901) ყოფილი საცხოვრებელი სახლი, რომლის მოდერნის სტილით რეკონსტრუქცია არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილის 1902 წლის პროექტით განხორციელდა;
დავით აღმაშენებლის გამზირი №26 - ნინო აბულაძის შემოსავლიანი სახლი, რომელიც 1903 წელს აშენდა ინჟინერ ვასილიევის პროექტით;
დავით აღმაშენებლის გამზირი №36 - მეორე გილდიის ვაჭრის ერასტი ჭავჭანიძის 1903 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი;
დავით აღმაშენებლის გამზირი №44 - შემოსავლიანი სახლი, რომელიც 1913 წელს აშენდა თბილისელი არქიტექტორის ალექსანდრე ოზეროვის (1849-1922) პროექტით;
დავით აღმაშენებლის გამზირი №52 - მეორე გილდიის გერმანელი ვაჭრის იოჰან მაიერის სახლი;
დავით აღმაშენებლის №93 - თბილისელი პირველი გილდიის ვაჭრის წყალობა აბაზოვის 1905 წელს აშენებული შემოსავლიანი სახლი, რომლის სადარბაზო მთლიანად მოხატულია ბენედიქტ ტელინგატერისა და დე მარცოს მიერ;
დავით აღმაშენებლის გამზირი №121 - აზერბაიჯანში მოღვაწე საქმოსნების, გერმანელი ძმების, ფორერების სახლი;
დავით აღმაშენებლის გამზირი №128 - ცნობილი გერმანელი არქიტექტორის პაულ შტერნის საკუთარი სახლი. შტერნის პროექტით განხორციელდა, აგრეთვე, თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობის პროექტი, ია კარგარეთელის ქ. №6.
ახალი თბილისის უბანში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული შენობა იყო „ვეტცელის სასტუმრო“, რომელიც 1900 წელს გერმანელ მოახალშენეთა შთამომავლის, წარმატებული მეწარმის, ფრიდრიხ ვეტცელის დაკვეთითა და არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდის (1838-1922) პროექტით აშენდა.
უბანში ადრე არსებული კინოთეატრებიდან თავდაპირველი სახით მხოლოდ 1909 წელს მოდერნის სტილში აშენებული „აპოლო“ შემოგვრჩა დავით აღმაშენებლის გამზირის №135-ში, რომელიც ჯერჯერობით უფუნქციოა.
1914 წელს აშენებულ კინოთეატრ „პალასში“, დავით აღმაშენებლის გამზირის №125-ში, ახლა ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრია. უწინდელი შენობიდან აქ მხოლოდ ფასადის მცირე დეტალებია შემორჩენილი, მაგრამ სრულიად ავთენტიკური სახით შემოგვრჩა კინოთეატრში შესასვლელი ძველი ჰოლი, რომელიც თავისი დეკორით, კედლის მხატვრობითა და სკულპტურული გამოსახულებებით მოდერნის სტილის გამორჩეული ნიმუშია საქართველოში.
უბნის ხუროთმოძღვრებაში მოდერნის სტილის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული საზოგადოებრივი შენობებია:
კონსტანტინე ზუბალაშვილის ყოფილი „სახალხო სახლი“ - ახლა კოტე მარჯანიშვილის თეატრი, კოტე მარჯანიშვილის ქ. №8, რომელიც 1907 წელს არქიტექტორ სტეფან კრიჩინსკის პროექტით განხორციელდა;
ყოფილი „კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების“ შენობა, ახლა „თიბისი“ ბანკის სათავო ოფისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. №7, რომელიც 1913 წელს არქიტექტორ ალექსანდრე როგოისკის პროექტით აშენდა.
ახალი ტფილისის საეკლესიო არქიტექტურაში აღსანიშნავია წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია, ივანე ჯავახიშვილის ქ. №55, რომელიც XIX საუკუნის დასასრულს აშენდა არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტითა და ცნობილი ქართველი მეცენატის კონსტანტინე ზუბალაშვილის თაოსნობით.
საბჭოთა პერიოდის არქიტექტურიდან საყურადღებოა სტალინისტური პერიოდის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები კოტე მარჯანიშვილისა და ზაარბრიუკენის მოედანზე.
2010-იან წლებში იმავე ზაარბრიუკენის მოედანზე აშენდა რესტორან „პური გულიანის“ თანამედროვე შენობა.