ახალციხიდან გოდერძის უღელტეხილისკენ (2025 მ) გაემგზავრები, რომელიც სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას ერთმანეთთან აკავშირებს. გაივლი ადიგენსა და სოფელ ზარზმას, სადაც შუა საუკუნეების ზარზმის მონასტერს ნახავ.
გოდერძის უღელტეხილის ჩრდილოეთით, 6 კმ-ში, მწვანე ტბაა - აქ საუკეთესო ადგილებია პიკნიკისა და კემპინგისთვის.
შემდეგ გაივლი კურორტ ბეშუმს, რომელიც ზღვის დონიდან 1900 მ-ზე მდებარეობს.
დაათვალიერებ გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს და ღამის გათევას სათხილამურო კურორტ გოდერძის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბეშუმში ან ახლომდებარე სოფლებში, საოჯახო სასტუმროებში შეძლებ.
ბეშუმიდან მანქანით ნახევარი საათის გზაა შუამთის ტბებისკენ. სიმწვანეში ჩაფლული ეს 3 ტბა განსაკუთრებით შთამბეჭდავია ივნის-სექტემბერში. აქედან პანორამული ხედები იშლება X-XI საუკუნეების ხიხანის ციხეზე, რომელიც ზღვის დონიდან 2235 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
ტბებიდან ხიხანის ხეობაში დაეშვები და ხიხანის ციხეს უკვე ახლოს ნახავ.
ღამის გათევა სოფელ ხიხაძირში, საოჯახო სასტუმროებში შეგიძლია.
ხიხაძირიდან ჩირუხის ხეობის მიმართულებით წახვალთ, სადაც ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2148 მ-ზე საზაფხულო იაილებთან მოხვდები.
აქ პატარა ხის სახლებში მემთეები ცხოვრობენ - მსხვილფეხა საქონლის გამოსაკვებად მთაში დროებით ასული ადამიანები. ისინი გულიანად გიმასპინძლებენ და უგემრიელეს რძის პროდუქტსაც შემოგთავაზებენ.
აქედან უკვე შუახევის მიმართულებით დაეშვები. შუახევიდან ბათუმისკენ გასამგზავრებლად კი ცენტრალურ გზას დაადგები.
ამ მარშრუტზე მოგზაურობისთვის საუკეთესო სეზონია ივნის-სექტემბერი.
ავტომობილი უნდა იყოს SUV ტიპის, შესაბამისი აღჭურვილობით.
რეკომენდებულია A/T ან M/T საბურავი.
თან უნდა იქონიო GPS ნავიგატორი.
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია დაუკავშირდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, ნომერზე 112.