პაპანწყვილის ტბა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მდებარეობს, ზღვის დონიდან 65 მეტრზე. ტბა გამდინარეა და წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. წყლის ზედაპირის ფართობი 0,62 ჰექტარია, მაქსიმალური სიღრმე კი - 7 მეტრი.
ადგილობრივების თქმით, ტბას ერთი უცნაურობა ახასიათებს - მასში წყლის ტემპერატურა წელიწადის ნებისმიერ დროს უცვლელია. ამას მეცნიერულად ჰომოთერმიას უწოდებენ.
ტბის სახელი, პაპანწყვილი, მეგრულად ჩაძირულ მღვდელს ნიშნავს, რაც უძველეს ლეგენდას უკავშირდება. რატომ და როგორ ჩაიძირა აქ მღვდელი, ამის შესახებ ადგილობრივები სხვადასხვა საინტერესო ვერსიას მოგიყვებიან.
ტბა დაცულია და მის ტერიტორიაზე ავტომობილით შესვლა აკრძალულია.