მარშრუტი სოფელ პატარა სამსარიდან იწყება, რომელიც მთა სამსარის დასავლეთით, ზღვის დონიდან 2010 მეტრზე მდებარეობს. სამსარში ნახავ გამოქვაბულში გამოკვეთილ გუმბათოვან ეკლესიას, რომელიც VIII-IX საუკუნეებით თარიღდება და სხვადასხვა ზომის გამოქვაბულებს აერთიანებს. გარედან გამოქვაბული დიდ კლდეს ან სულაც ლოდს ჰგავს. სატყუარასავით ვიწროდ გაჭრილი შესასვლელი კი მნახველებს თავისკენ იზიდავს. გაითვალისწინე, რომ აქ ადგილობრივი გიდი უნდა დაიმგზავრო.
სოფელ პატარა სამსარის შემდეგ გეზი სამსარის ქედისკენ უნდა აიღო. მთა გოდორების სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე პატარა ტბას მიაგნებ, რომელსაც ლევანის ტბა ეწოდება. ის ზღვის დონიდან 2565 მეტრზეა. ამ სიმაღლიდან ულამაზესი პეიზაჟი იშლება დიდი და პატარა აბულის მთებზე, მათ შორის კი მდელოები ზაფხულში ყვავილებით არის დაფარული.
ტბის მონახულების შემდეგ გზას ქვემოთ, სოფელ ასფარისკენ გაუყვები და შაორის ციხესთან მიხვალ, რომელიც ძვ.წ. II ათასწლეულის მეგალითური კომპლექსია. ციხე შაორის მთაზე, ზღვის დონიდან 2752 მ სიმაღლეზე მდებარეობს; მთის ძირში ნამოსახლარებია აღმოჩენილი. ვარაუდობენ, რომ აქ ტომის ბელადთა დროებითი საცხოვრებელი და ომიანობისას თავშესაფარი იყო.
შაორის ციხიდან ფარავნის ტბისკენ დაუყვები, რომლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 2080 მეტრზე სოფელი ტამბოვკა მდებარეობს. სოფელი 1840 წელს დაარსდა რუსეთიდან გადმოსახლებული დუხობორების - ერთგვარი რელიგიური ჯგუფის მიერ. მათი შერქმეულია აღნიშნული სახელწოდებაც და რამდენიმე ოჯახი აქ დღემდე ცხოვრობს.