KA

ჟაბეში-ტვიბერი (მყინვარი)

ჟაბეში-ტვიბერის სალაშქრო ზონა რთული, თუმცა საოცრად შთამბეჭდავია. მარშრუტისთვის საჭიროა კარგი ფიზიკური მომზადება, რადგან ტვიბერის მყინვარისკენ მიმავალ გზაზე ბევრი მორენა დაგხვდება - ეს მყინვარის ნგრევის შედეგად დატოვებული ნაშთია, რომელზედაც გაკვალული ბილიკი არ არის და საკმაოდ რთულად გასავლელია. მარშრუტის სიგრძე 14 კმ-ია, სიმაღლის სხვაობა კი - 710 მეტრი. ასვლა-ჩამოსვლას, დაახლოებით, 12-13 საათი მოუნდები.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

მარშრუტი: სოფელი ჟაბეში

მარშრუტი ჟაბეშში იწყება - ეს ზემო სვანეთში მულახის თემის ბოლო სოფელია, რომელიც მდინარე მულხურას ნაპირზე, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარეობს.

ჟაბეშიდან ტყეში მოგიწევს სიარული. სავალი ნაწილი მარკირებულია და გზას ძირითადად სამხედროები იყენებენ. მარშრუტზე სამხედრო პუნქტსაც ჩაუვლი და შემდეგ მწყემსების ქოხიც შეგხვდება. ამ ორი ნაგებობის გარდა, აქ ადამიანის კვალს ვერ ნახავ. 

რამდენიმესაათიანი ლაშქრობის შემდეგ დიდი ქვა შეგხვდება. მას „დედის ქვას“ უწოდებენ და ამ ადგილას ფინიშის მაუწყებელი სიმბოლოა მონიშნული. სიმაღლე ზღვის დონიდან 2310 მეტრია და შენ პირდაპირ ტვიბერის ყინულვარდნილი იქნება წარმოდგენილი.

მარშრუტი: მყინვარი ტვიბერი

მყინვარი ტვიბერი ამავე სახელწოდების მდინარის აუზში მდებარეობს და ის ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობზეა. 

მყინვარის ძირში მისვლა რეკომენდებული არ არის, რადგან წინ დიდი მორენაა, რომლის გადავლაც საკმაოდ რთულია. აღსანიშნავია, რომ „დედის ქვიდან“ თოთის, სერისა და ტვიბერის მყინვარებზე საოცარი სანახაობა იშლება.

როდესაც უკან დაბრუნებას გადაწყვეტ, შეგიძლია იმავე გზით ისარგებლო.

მარშრუტზე უმჯობესია, გიდის მომსახურებით ისარგებლოთ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა