დარბაზული ტიპის ტაძარი კოშკებიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსშია მოქცეული და დასავლეთის მხრიდან გაკეთებულ მინაშენს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. მთავარ დარბაზში შესასვლელი კარიც სამხრეთით მდებარეობს, სამი მხრიდან კი თაღოვანი სარკმლებია განთავსებული.
XIII საუკუნით დათარიღებული ეკლესიის მოხატულობა დღემდეა შემორჩენილი, სადაც ფრესკებზე საუფლო დღესასწაულების სრული ციკლია ასახული. ტაძარში რამდენიმე რელიკვიაც ინახება, მათ შორის - X საუკუნის წმინდა გიორგის ჭედური ხატი და XVI-XVII საუკუნეების ხატები, რომლებზეც ასომთავრული წარწერებია დატანილი. ირკვევა, რომ ერთ-ერთი მათგანი - მაცხოვრის ხატი ეკლესიისთვის იმერეთის მეფე გიორგი II-ს შეუწირავს.
2006 წელს ჟამუშის მაცხოვრის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.