საქართველოს ყველა კუთხეს თავისი უნიკალური საახალწლო რიტუალი და კერძები აქვს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზღაპრული სუფრა ყველა მათგანისთვის დამახასიათებელია. ის აუცილებლად უნდა იყოს უხვი და ბარაქიანი, სადაც რიტუალური კერძი ინდაურის საცივია. ასევე უხვადაა შემწვარი თუ მოხარშული ხორცეული, თევზეული, მწვადი, ფხალეულობა და რაც მთავარია - ხაჭაპური, ქართული ღვინო, ჩურჩხელა, ტკბილი კვერი, ჩირი და ახალი წლის მთავარი სიმბოლო, ქართული ნუგბარი - გოზინაყი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
საახალწლო სუფრისთვის ქართლში ბასილას პურს და ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს აცხობენ; რაჭაში ორ ბაჭულს - ყველიან კვერს შეხვდები, ერთს - ახალი წლისთვის, მეორეს კი - ძველისთვის; თუშეთსა და ხევსურეთში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ; თუშეთში ასევე კოტორსაც აცხობენ - ერბოსა და ხაჭოს კვერს; ხევსურეთში - სამეკვლეო კვერიას ნახავ, რომელზედაც ჯვარი, ხარი და თავთავია გამოსახული; სამცხე-ჯავახეთში კი რამდენიმე საახალწლო კვერი ცხვება - „ხარის ქედი“, ცხვრის „ბუჟუნა“, „ბედის პური“ და სხვა.
ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდებიან ზემო აჭარაში. ამ დღეს აუცილებლად ხარშავენ სიმინდს - ხვავისა და ბარაქის სიმბოლოდ. სუფრა კი სავსეა უგემრიელესი ხარჩოთი, ტოლმით, ბორანოთი, სინორით და ნიგვზიან-თაფლიანი ნამცხვრებით. სამეგრელოში საახალწლოდ აუცილებლად კეთდება მეგრული საცივი, წკირზე შემწვარი ყველიანი კუჭმაჭით გამოტენილი გოჭი და მეგრული ორყველიანი ხაჭაპური.
2 იანვარს საქართველოში ბედობა აღინიშნება. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს როგორც გაატარებ, მთელი წელიც ისეთი დაგებედება. ამ დღის მთავარი გმირი კი მეკვლეა. სამეგრელოში მას „კუჩხას“ უწოდებენ, აჭარაში - „მფერხავს“. მეკვლე ის ადამიანია, ვინც ბედობას პირველი შევა ოჯახში და, ტკბილეულთან ერთად, ბედნიერებასაც შეიტანს. ამ მისიისთვის, ბუნებრივია, ბედნიერ და წარმატებულ ადამიანებს ირჩევენ და გემრიელადაც უმასპინძლდებიან.
მეკვლე და მრავალფეროვანი კერძებით სავსე სუფრის გაშლა, რა თქმა უნდა, 13-14 იანვარს, ძველით ახალ წელსაც მნიშვნელოვანია, რომელსაც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში „კალანდას“ უწოდებენ. ტრადიციული კერძების გარდა, აუცილებელია ღორის თავი, „საკალანდო“. ძველით ახალი წლისთვის განსაკუთრებულ, ნახევარმთვარის ფორმის უგემრიელეს გურულ რიტუალურ ღვეზელსაც აცხობენ, რომელიც ყველითა და მოხარშული კვერცხით კეთდება. სამეგრელოში კი რძეში მოხარშული რიტუალური „ხოზო კვარები“ შეგხვდება.