KA
Saguramo Reserve

საგურამოს ნაკრძალი

თბილისთან ახლოს ლაშქრობისთვის საგურამოს ნაკრძალი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ნაკრძალი საგურამოს ქედზე მდებარეობს და ქალაქის მწვანე ზონაში - თბილისის ეროვნულ პარკში შედის.  
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
კურორტი
საგურამო

საგურამოს ნაკრძალის საფეხმავლო ბილიკი თბილისიდან დასავლეთით, 25 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ საგურამოში იწყება, საგურამოს ქედზე გადის და წმ. გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან, თიანეთის გზატკეცილის გასწვრივ მთავრდება.

ნაკრძალის ქვედა საზღვარი ზღვის დონიდან 600 მეტრ სიმაღლეზეა, ზედა – 1393 მეტრზე. 

ფართობი 5241 ჰექტარს შეადგენს და უმეტესი ნაწილი ტყითაა დაფარული. აქ გავრცელებულია წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი და პანტა. 

საგურამოს ქედზე კოლხური ტყის „მარგალიტებიც“ ხარობს: მოცვი, კოლხური სურო, ბზა, უთხოვარი, კატაბარდა, გარეული ვაზი და სხვა. 

ნაკრძალის ტერიტორიაზე ბინადრობს გადაშენების პირას მყოფი კავკასიური კეთილშობილი ირემი, ჯიქი, დათვი, მგელი, ტურა და მრავალი სახეობის ფრინველი.

საგურამოს ნაკრძალი საინტერესოა მის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლებით. მათ შორისაა - VI საუკუნის ზედაზნის მონასტერი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ვეჯინის მონასტრისა და სამეფო სასახლის ნანგრევები. 

ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიებზე რამდენიმე საკურორტო ადგილიც არის. ასეთებია: საგურამო, კარსანი, ზედაზენი, წიწამური და წეროვანი

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა