KA
Sameba-Jikheti Nunnery

სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი

ამ ადგილს თუნდაც იმ საოცარი სიმშვიდისთვის უნდა ეწვიო, რომელიც მონასტრის ტერიტორიაზე შესვლისას დაგეუფლება. სამება-ჯიხეთის მონასტერი ლანჩხუთიდან 6 კმ-ში, ნიგოითის მთაზე მდებარეობს და ორ ტაძარს, სამრეკლოს, წყაროს, სამწირველოსა და გალავანს მოიცავს. მონასტერში მონაზვნები ცხოვრობენ, ეკლესიაში კი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ინახება.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ლანჩხუთი

სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის ისტორია

ლეგენდის თანახმად, ეს მონასტერი მას შემდეგ აშენდა, რაც ჯიხეთის მთაზე მანამდე აგებულ მონასტერში მონაზვნები უწყლობამ გააწვალა და მათ ახალი ტაძრისთვის ადგილის შერჩევა გადაწყვიტეს. არჩევანი სამ მტრედს მიანდვეს და ძველი ეკლესია აგერ-აგურ გადაიტანეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მტრედები დაფრინდნენ.  

ზეპირი გადმოცემით, ეკლესია თამარ მეფის დროს აშენებულა, თუმცა XIX საუკუნემდე მხოლოდ ნანგრევებმა მოაღწია. ამ ადგილზე კომპლექსის მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია 1896 წელს ოზურგეთელმა ილარიონ მენაბდემ ააგო.

მთავარ ტაძარს 1987-88 წელს სამრეკლო და წმინდა გიორგის ბაზილიკა მიაშენეს. 2002 წელს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების ტაძარი აიგო, 2011 წელს კი ყოველთა წმინდათა მოციქულთა სწორთა სახელობის ტაძარი აშენდა საქართველოს ყველა კუთხიდან ჩატანილი ფერადი ქვებით.

ტაძრის ეზოში „იორდანეს წყაროა“, რომელსაც სასწაულმოქმედ თვისებებს მიაწერენ. ყოველ 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს, ტრადიციულად, ჯიხეთის დედათა მონასტრის დღესასწაული „ჯიხეთობა“ აღინიშნება და საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა