რას გთავაზობს სამეფო უბნის თეატრი?
თეატრალური სამყაროს ბევრმა ლეგენდარულმა რეჟისორმა დადგა სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრის სცენაზე, მათ შორის იყვნენ თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა და კიდევ არაერთი სხვა.
ისტორიული და ულამაზესია თავად თეატრის შენობა, რომელიც ძველი თბილისის მართლაც სამეფო უბანში, სოლოლაკში, გია აბესაძის N10-ში მდებარეობს. 1875 წელს ის ააგეს, როგორც სინაგოგა, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს დაიწვა და მისი აღდგენა XX საუკუნის ოცდაათიან წლებამდე ვერ მოხერხდა. 1988 წელს სომხეთში მომხდარმა მიწისძვრამ, სხვა მრავალ შენობასთან ერთად, ეს შენობაც დააზიანა.
ამის შემდეგ შენობა ნელ-ნელა ნადგურდებოდა და რომ არა თეატრის დამაარსებლების - იზა გიგოშვილისა და მერაბ თავაძის გადაწყვეტილება, თეატრი სწორედ ამ შენობაში განეთავსებინათ, ალბათ, დაინგრეოდა კიდეც.
მრავალწლიანი შრომის შედეგად დღეს სამეფო უბნის თეატრი მაყურებელს არა მხოლოდ სპექტაკლებით, არამედ შენობის სილამაზითაც იზიდავს.