KA
Samshvilde - One of the oldest ruins of the Caucasus region

სამშვილდე - ერთ-ერთი უძველესი ნაქალაქარი კავკასიაში

არქეოლოგიით დაინტერესებულთათვის სამშვილდე ნამდვილი საჩუქარია. ის ერთ-ერთი უძველესი ნაქალაქარია კავკასიაში და გამორჩეულია არქიტექტურით, რელიეფით, იერით, თვითმყოფადი და ძალიან საინტერესო აგებულებით. ისტორიულ წყაროებში მას „ციხე ორბისა“ ჰქვია.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
თეთრიწყარო

არქეოლოგიური ძეგლი სამშვილდე თანამედროვე სოფელ სამშვილდისგან აღმოსავლეთით, ორ მდინარეს - ჭივჭავასა და ხრამს შორის ბუნებრივად ამოზრდილ კონცხზე მდებარეობს. ეს ადგილი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებში ყოფილა დასახლებული. სამშვილდის ხანგრძლივი ისტორია თვალნათლივ არის ასახული მიწის ზედაპირზე შემორჩენილ ისტორიულ ძეგლებსა თუ მიწის ქვეშ განფენილ არქეოლოგიურ შრეებში. 

სამშვილდის არქეოლოგიურ კვლევებში, პროფესიონალებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ როგორც ქართული, ისე უცხოური უნივერსიტეტების სტუდენტები. რამდენიმე საველე არქეოლოგიური სეზონის განმავლობაში არაერთი საყურადღებო ნივთი და არტეფაქტია ნაპოვნი. 

არქეოლოგიურმა გათხრებმა სამშვილდეში 22 ძეგლი გამოავლინა, რომლებიც ენეოლითურ, გვიანი ბრინჯაოს, ელინისტურ და შუა საუკუნეების პერიოდებს მიეკუთვნა.

ერთ-ერთ სათავსში აღმოჩენილია ხის ყუთი XII-XIII საუკუნეების მონეტებით, ზოდებითა და ფულადი ემისიისთვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტებით, რაც ნაქალაქარში ზარაფხანის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს. 

არქეოლოგიური გათხრები გრძელდება და მეცნიერების ვარაუდით, თითოეული აღმოჩენა დარგის სპეციალისტებს სერიოზული კვლევების ახალ თემებს შესთავაზებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა