KA
Mushtaidi Garden

მუშთაიდის ბაღი

გინდა ნახო ბაღი, სადაც მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა აშენდა, ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი აფრინდა და გენიოსმა ნიკო ფიროსმანმა ფრანგი მომღერალი მარგარიტა პირველად ნახა? მაშინ თბილისში, ბარათაშვილისა და ცაბაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე მუშთაიდის ბაღს უნდა ეწვიო.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

ბაღის ისტორია

მუშთაიდის ბაღი 1830-იან წლებში ირანიდან გამოქცეულმა მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზმა გააშენა, რომელიც აზერბაიჯანში ირანის შიიტების რელიგიური ლიდერი — მუჯთაჰიდი იყო. გადმოცემით, მუჯთაჰიდმა დასასახლებლად თბილისი ქართველი ცოლის გამო აირჩია, რომელიც ადრე გარდაიცვალა და ამავე ბაღშია დაკრძალული.

1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა. აქ სისტემატურად ეწყობოდა სახალხო სეირნობები, გამოფენები და სპექტაკლები.

იშვიათია ადგილი, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ისე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, როგორც ეს XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსებულ ამ ბაღშია. აქ ნახავ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს, რომელიც 1887 წელს გაიხსნა, ამფითეატრს, სადაც ყოველ კვირას გასართობი ღონისძიებები იმართება, თანამედროვე ატრაქციონებს, საბავშვო მოედნებს, საზაფხულო თეატრს, საცურაო აუზს, კაფეებსა და სხვა. 

რას გთავაზობს ბაღი დღეს?

16 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ბაღში ათასობით მცენარე ხარობს, თუმცა ბაღის გამორჩეული ღირსშესანიშნაობა რელიქტური ხის – ძელქვის კორომია.

მუშთაიდის ბაღში პატარების განსაკუთრებულ ინტერესს 1935 წელს გახსნილი საბავშვო რკინიგზა იწვევს. თავიდან რკინიგზას სასწავლო დანიშნულება ჰქონდა - აქ ბავშვებს მატარებლის მართვას ასწავლიდნენ. დღეს ამ მატარებლით ბავშვებს გართობა და სეირნობა შეუძლიათ. მატარებელი, რომელიც ღია ტიპის სამი ვაგონისგან შედგება, წრიული ლიანდაგის შემოვლის შემდეგ ჩერდება და სადგურში უკუსვლით შედის.

მუშთაიდის ბაღი საუკეთესო ადგილია ოჯახთან ერთად დასვენებისა და გართობისთვის. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა