KA
The Animated Puppet Museum

თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი

თუკი თბილისში მოხვდები, სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმს აუცილებლად უნდა ესტუმრო. ლამაზ თაროებსა და ვიტრინებში გამოფენილი სამი ათასამდე ექსპონატი წარსული ამბების სურათებს გაჩვენებს, ჩიხტიკოპსა და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი თოჯინები კი გიმღერებენ კიდეც.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

მუზეუმის ისტორია

ეს ექსპონატები რვა ათეული წლის განმავლობაში იქმნებოდა. გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში საბავშვო მწერალსა და პედაგოგს თამარ თუმანიშვილს გაუჩნდა მსგავსი მუზეუმის შექმნის იდეა. 1937 წელს თბილისში საკუთარი საგვარეულო ნივთებით, თოჯინებისა და სათამაშოების მდიდარი კოლექციით მან მუზეუმი გახსნა. 

მუზეუმს წლების მანძილზე ქმნიდნენ მხატვრები, ეთნოგრაფები, მოგზაურები, მოყვარული მეთოჯინეები, კერძო კოლექციონერები და კონსტრუქტორ-გამომგონებლები. სათამაშოების ფაბრიკები საგანგებოდ მუშაობდა ექსპონატების მოდელებზე. მათზე არაერთ ქართველ და უცხოელ მხატვარს უმუშავია. 

რას ნახავ მუზეუმში?

დღეისათვის ფონდში 40 ქვეყნიდან ჩამოტანილი ორიგინალური ნიმუშებია დაცული. აქაა XIX-XX საუკუნეების მუსიკალური და მექანიკური  სათამაშოების კოლექცია; საავტორო თოჯინები: ქართული ზღაპრების გმირები, ფლამენკოს მოცეკვავეები, ინდიელთა ბელადი, იაპონელი ქალბატონები; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ასევე ნაქარგობების უნიკალური კოლექცია. 

თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი აღმაშენებლის პროსპექტზე #103-ში მდებარეობს და დამთვალიერებელს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10-იდან 18 საათამდე ელის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა