XX საუკუნის 80-იან წლებში აგებული საბაგირო გზის გონდოლები საბჭოეთის მოდერნიზმს გვაგონებს. გზა ველურ ბუნებაში გადის. ზემოდან იშლება მთების, ტყეებისა და ტყეში ამოზრდილი პატარა სოფლების ხედები.
საბაგირო სოფელ თაგოს ხულოსთან აკავშირებს. ამ სოფლის მოსახლეობისთვის ეს გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი სწრაფი გზაა. ასე თაგოდან ხულომდე სულ 8 წუთია საჭირო.
თაგოელებს საბაგიროთი საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტებიც გადააქვთ სარეალიზაციოდ. შესაბამისად, ეს მათთვის შემოსავლის მიღების საუკეთესო გზაცაა.
თუ გონდოლაში ასეთ დროს მოხვდი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის იქვე შეძენასაც მოახერხებ.
სოფელში ასულს საუკუნეებს შემორჩენილი ადგილობრივი ადათ-წესები, ფოლკლორი და საინტერესო ისტორიების მქონე ადამიანებიც დაგხვდებიან.
შეიყვანე თაგო შენს ტურისტულ მარშრუტში. აჭარისა და აჭარლების კარგად გასაცნობად ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.