აქ შემთხვევით მოხვედრა შეუძლებელია, თუმცა საფარის მონასტერი დღეს იმდენად პოპულარულია, რომ მომლოცველები და ტურისტები არასდროს აკლია.
სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა დროს აშენებული ნაგებობები შედის: ეკლესიები, მცირე სამლოცველოები, სამრეკლო, ბერების სენაკები, სამეურნეო შენობები, ჯაყელთა სასახლისა და ციხე-გალავნის ნანგრევები - ჯაყელები XIII საუკუნის ბოლოდან სამცხის მთავრები იყვნენ და ეს მონასტერი მათი ერთ-ერთი რეზიდენცია გახლდათ.
მთავარი ნაგებობა XIII საუკუნის წმინდა საბა განწმენდილის გუმბათოვანი ტაძარია. ყველაზე ადრეული შენობა კი, რომელიც X საუკუნით თარიღდება, ღვთისმშობლის მიძინების ერთნავიანი ეკლესიაა.
მონასტერი ცნობილია უნიკალური ფრესკებით, რომლებმაც ჩვენამდე საკმაოდ კარგად მოაღწია.
საბჭოთა პერიოდში საფარა დაკეტილი იყო, მისი აღორძინება, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. დღეს აქ მოქმედი მამათა მონასტერია.
მონასტრამდე ახალციხიდან ნებისმიერი გამავლობის ტრანსპორტით მიხვალ. გზად თავბრუდამხვევი სილამაზის ბუნებაა, ამიტომ ზოგი ტურისტი და მომლოცველი მონასტრამდე მისვლას ფეხით ამჯობინებს - მანძილი დაახლოებით 10 კმ-ია.