საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქვეყნის 16 მუზეუმს აერთიანებს, შესაბამისად, მისი კოლექციებიც მრავალფეროვანია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცულია მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა.
აქ ნახავ ყურძნის მტევნების გამოსახულებებით შემკულ უძველეს ღვინის ჭურჭელს, ქვევრს, რომელიც ძვ.წ. VI ათასწლეულით თარიღდება. აქაა 1937 წელს თრიალეთის ყორღნებში აღმოჩენილი ვერცხლის თასი, რომელიც ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარს მიეკუთვნება.
მუზეუმში დაცული ძვ.წ. VI-V საუკუნეების ვერცხლის ტეტრადრაქმა, „კოლხური თეთრი“ ადასტურებს, რომ საქართველოში ფულის მოჭრის ისტორია ოცდაშვიდ საუკუნეს ითვლის და კოლხეთი სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა იყო მსოფლიოში.
სამუზეუმო კოლექციების დათვალიერება ონლაინაც შეგიძლია ვიდეოსერიაში „სტუმრად მუზეუმში“ და მუზეუმის Facebook თუ Instagram გვერდებზე.