საქართველოში მოხვედრას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მოახერხებ და ეს შესაძლებელია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, აგრეთვე, ზღვით.
საჰაერო გზა
ყველაზე სწრაფი, რა თქმა უნდა, საჰაერო გზაა. საქართველოს მიმართულებით ფრენებს არაერთი საერთაშორისო ქართული და უცხოური ავიაკომპანია ახორციელებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით.
პირდაპირი რეისებით ფრენა შესაძლებელია ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყნის ქალაქიდან. რეგულარული რეისები ხორციელდება: ამსტერდამიდან, მიუნხენიდან, ერევნიდან, სტამბოლიდან, რიგიდან, ბაქოდან, კიშინიოვიდან, ტაშკენტიდან, მინსკიდან, დოჰადან და დუბაიდან.
ზაფხულობით, ტურისტების დიდი ნაკადის გამო, შესაძლებელია, სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან დაინიშნოს ჩარტერული რეისებიც. ტურისტული სეზონი საქართველოში მთელი წლის მანძილზე გრძელდება, მაგრამ განსაკუთრებით აქტიური სეზონი ზაფხულია, შესაბამისად, ამ დროს ფრენების რაოდენობაც მატულობს და რეისები სხვადასხვა ქალაქიდან სეზონურად ემატება. ამიტომ ბილეთების დაჯავშნას წინასწარ გირჩევთ.
სარკინიგზო მიმოსვლა
საავიაციო გზის გარდა, არსებობს სარკინიგზო მიმოსვლა თბილისი-ერევანი, ერევანი-თბილისის მიმართულებით. რეისები დღეგამოშვებით სრულდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც რკინიგზის სადგურის სალაროებში, ისე ონლაინ და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით. მგზავრობის ხანგრძლივობა ერთი მიმართულებით დაახლოებით ათი საათია.
გემით მიმოსვლა
რაც შეეხება საქართველოში გემით შემოსვლას, ეს შესაძლებელია ბათუმისა და ფოთის პორტებში შემდეგი პირობით - ტურისტული ჯგუფი, რომელიც საქართველოში გემით შემოსვლას გეგმავს, გემის მფლობელს უკავშირდება და მასთან ათანხმებს დეტალებს. დროდადრო გემის მფლობელები თავად გეგმავენ ამა თუ იმ ტურს და თავადვე სთავაზობენ საწყლოსნო მგზავრობას ტურისტებს ან ტურისტულ კომპანიებს.
საავტომობილო გზა
ბუნებრივია, საქართველოში შემოსვლა საავტომობილო გზითაც შეიძლება. ამისთვის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გავლისას, პასპორტთან ან აიდი ბარათთან ერთად, თან უნდა იქონიო მართვის მოქმედი საერთაშორისო მოწმობა და ავტომობილის ტექპასპორტი.