საღამოს ტბა ზღვის დონიდან 1996 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბა ბუნებრივი წარმოშობისაა. მისი რელიეფი ძირითადად ბრტყელი და მარტივია.
წყლის მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური - სექტემბერში. სუსტად არის განვითარებული წყლისა და წყლის მოყვარული მცენარეულობა.
ტბაში რამდენიმე სახეობის თევზი მოიპოვება - კალმახი, კობრი, კავკასიური ქაშაყი და მტკვრის წვერა. შესაბამისად, აქაურობა ხშირად იზიდავს თევზაობის მოყვარულებს.
თუ თევზაობა არ გეხერხება, თევზის ყიდვა იქვე, სოფელ საღამოში შეგიძლია, სადაც თევზსაშენი აუზები აქვთ.
საღამოს ტბაზე ლაშქრობისთვის წელიწადის ნებისმიერი დრო საუკეთესოა, გარდა დიდთოვლობისა.
ტბა ზამთარში 4-5 თვე გაყინულია, თუმცა აქაური ზამთრის პეიზაჟი იმდენად ჯადოსნურია, რომ ყინვის მიუხედავად, ვიზიტორები არ აკლია.
ზამთარ-ზაფხულ საოცარი განთიადები და დაისები იცის, ამიტომ ეს ადგილი მუდმივად იქცევს ფოტოგრაფების ყურადღებას.
ტბის მიმდებარე ტერიტორია საინტერესოა ისტორიული ძეგლებითაც. სოფელ საღამოში შეგიძლია შუა საუკუნეების ქართული ეკლესიები დაათვალიერო, რომლებსაც საღამოს ეკლესიებს უწოდებენ.