სწორედ აქ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, რაჭისა და იმერეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1996 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს საწალიკის მთა.
ჩრდილო-დასავლეთით მისი დამრეცი კალთა შაორის ქვაბულისაკენ თანაბარი დახრილობით ეშვება და რელიეფის კარსტული ფორმებით გამოირჩევა. სუბალპური მცენარეულობით დაფარულ მთის ძირში კი საწალიკის უღელტეხილია.
ცარცული ასაკისა და გადოლომიტებული კირქვებით ნაგები მთიდან საქართველოს ორი ულამაზესი კუთხე – რაჭა და იმერეთი მოჩანს. აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სალაშქრო ზონაა, ხოლო ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული და შემოდგომაა. გაზაფხულზე შენ თვალწინ მწვანეში ჩაფლული ხედები გადაიშლება, შემოდგომაზე კი ყვითლად აელვარებული არემარე დაგხვდება.