საწყისი სიმაღლე - ზღვის დონიდან 2430
უმაღლესი წერტილი - ზღვის დონიდან 3488
ვერტიკალი - + 1058 მეტრი
მწვერვალი დედაენა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3488 მეტრია. მწვერვალი შედგება როგორც მარადიული თოვლისგან, ისე ციცაბო კლდეებისგან. მწვერვალზე განვითარებულია: ალპინიზმი, სკიტური, პარაპლანი. მწვერვალის მისადგომი გუდაურიდან 8 კილომეტრში, ჯვრის უღელტეხილთანაა.
მარშრუტი იწყება საქართველოს მთავარ სამხედრო გზაზე, ჯვრის უღელტეხილთან, სადაც ავტომობილს ტოვებ და გადაადგილებას მთის აღმოსავლეთ ფერდის ექსპოზიციაზე იწყებ. ზღვის დონიდან 3100 მეტრ სიმაღლეზე უკვე ქედზე დგები და მას ბოლომდე მიუყვები. თოვლის კონდიციის მიხედვით, სერტიფიცირებული გამყოლი იღებს გადაწყვეტილებას, მთის წვერამდე ახვიდე თუ მანამდე დაიწყო დაშვება. ეშვები წინასწარ შერჩეული ტრაექტორიით, რომელიც ბოლოს საწყის წერტილს უერთდება. მარშრუტის დასაძლევად საჭირო დრო, მთლიანობაში, 7-8 საათია. მარშრუტზე სრიალი შესაძლებელია იანვრიდან აპრილის ბოლომდე.
მარშრუტის სასტარტო ადგილამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით.
აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი და სხვა საჭირო ნივთები.
აღნიშნულ მარშრუტზე წასასვლელად შეგიძლია გუდაურში არსებულ სასტუმროებში განთავსდე. მარშრუტი შესაძლოა თბილისიდანაც დაიგეგმოს.