KA

სკიტური - მაზერი-დეცილის მთა

დეცილის მთაზე სკიტურის ორი მარშრუტია - სოფელ ეცერიდან და სოფელ მაზერიდან. ამ მარშრუტზე წასასვლელად გაუკვალავ თოვლში სრიალის კარგი გამოცდილებაა საჭირო. თუმცა ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით, რომელიც ადგილობრივ გარემოს ახასიათებს, დეცილის სკიტური როგორც გამოცდილმა, ისე დამწყებმა მოთხილამურეებმა სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად უნდა დაგეგმონ.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ადგილმდებარეობა

სოფელი მაზერი მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს თემში, მდინარე დოლრის ხეობაში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1660 მეტრ სიმაღლეზე. მესტიის ცენტრიდან იქამდე 25 კილომეტრია. 

სოფლიდან უშბის ულამაზესი ხედები იშლება. მაზერი ერთ-ერთი ძველი სოფელია ბეჩოს თემში და მასზე არაერთი ტურისტული მარშრუტი გადის. 

მარშრუტი

მარშრუტი იწყება სოფელ მაზერში, დეცილის მთის სამხრეთ ფერდზე, სადაც გზის დიდი ნაწილი ტყის მასივში გადის. 

იქიდან გადადიხარ ალპურ ზონაში და შემდეგ უკვე დეცილის მთის უმაღლესი წერტილისკენ მიემართები. მისი სიმაღლე 2560 მეტრია, ასავლელი ვერტიკალი - 900 მეტრი. 

მთის წვერიდან ძალიან კარგად ჩანს უშბის მასივის მწვერვალები, მწვერვალი ლაილა და სვანეთის ქედის დიდი ნაწილი. დეცილის მთაზე დგას მეზირის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც XI საუკუნით თარიღდება. 

მთიდან სოფლისკენ იმავე გზით ვეშვებით, რომლითაც ზევით ავედით. სრიალს ისევ სოფელ მაზერში ვასრულებთ. 

რა უნდა გაითვალისწინო

ამ მარშრუტზე წასასვლელად შეგიძლია დაბინავდე როგორც მესტიაში არსებულ სასტუმროებში, ისე სოფელ ბეჩოში მდებარე საოჯახო სასტუმროებში.

სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით. 

გამოცდილი გამყოლის დაქირავების გარდა, თან სრულყოფილი აღჭურვილობაც უნდა გქონდეს: სპეციალური თხილამურები, საზვავო ჩანთა, გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი და სხვა საჭირო ნივთები.

ამ მარშრუტს კარგი ფიზიკური მომზადება ესაჭიროება. თუკი მომზადება დაგჭირდება, დახმარებას ამაშიც ადგილობრივი სერტიფიცირებული სპეციალისტები გაგიწევენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა