KA

სოფელი ზემო თლუღი - მთა საწალიკე

ვისაც ლაშქრობა, მაღალი მთები და თავგადასავლები იზიდავს, რაჭა-ლეჩხუმს უნდა ესტუმროს. აქ, სოფელ ზემო თლუღიდან საწალიკის მთამდე მიმავალ სალაშქრო გზაზე, იმერეთისა და რაჭის დაუვიწყარ ხედებს იხილავ.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

საიდან დავიწყოთ ლაშქრობა?

სოფელი ზედა თლუღი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, საწალიკის მთის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ამბროლაურიდან ამ სოფლამდე 15-კილომეტრიანი გზა უნდა გაიარო და შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით მოხვდე. აქედან საწალიკის მთამდე 20 კილომეტრია გასავლელი. 

საწალიკის მთაზე მოსახვედრად რამდენიმე მარშრუტს გადიან. ზედა თლუღიდან საწალიკემდე ძირითადად საავტომობილო გზა მიდის, მხოლოდ ბოლო რამდენიმეკილომეტრიანი გზაა საფეხმავლო. მარშრუტი სოფელ ზემო თლუღიდან სამხრეთ აღმოსავლეთით მიემართება, იწყება ზღვის დონიდან 1150 მეტრიდან და 1996 მეტრ სიმაღლეზე მთავრდება.

როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისთვის

გზა საშუალო სირთულისაა. ჯამში, მარშრუტს ერთი დღე სჭირდება, თუმცა მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიო ამინდი და წელიწადის დრო. თუ ნაწვიმარ დღეს წახვალ, შესაძლოა, სიარული გაგირთულდეს - გზის ბოლო საფეხმავლო მონაკვეთი ასეთ დროს ტალახიანია. 

ლაშქრობის დაწყება დილიდან უმჯობესია, რათა უკან დაბრუნება დღისითვე მოასწრო. ზაფხულის პერიოდში, ცხელ დღეებში წყაროები შრება, ამიტომ მთელი გზის სამყოფი წყლის წაღება აუცილებლად დაგჭირდება.  

საუკეთესო დრო საწალიკის მთაზე ლაშქრობისთვის ყვავილობის პერიოდია - შენ თვალწინ მრავალფერი ყვავილებით დაფარული მინდვრები გადაიშლება. ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობა ზღვის დონიდან 1996 მეტრზე გელის - იმერეთისა და რაჭის უსასრულო სივრცეები. კარგ ამინდში აქედან რაჭის კავკასიონის დანახვაც შესაძლებელია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა