გარიყულაშია ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც IX-X საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია, შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტების ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადროულია, ჩრდილოეთ კედელზე მისგან დატოვებული ფერადი ლაქები და შარავანდედიანი, ხელგაშლილი მამაკაცის ფიგურა ჩანს. მოხატულობის მეორე ფენა XII საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება, შუა რეგისტრში კი - თორმეტი მოციქულის წელზედა ფიგურები. ქვემოთ მოჩანს ეკლესიის ათი მამისა და ორი დიაკვნის გამოსახულება.
საკურთხევლის სარკმლის თავზე, მედალიონში, ჩასმულია ჯვარი, ქვემოთ არის „ხატი მანდილისაი“. ეკლესიის მოხატულობაში არაერთი საუფლო დღესასწაული და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდია. ფრესკები ოქროსფერ, მკვეთრ ცისფერ, ვარდისფერ, იისფერ, მოწითალო-მოყავისფრო, წითელ ფერებშია შესრულებული. ეს ცხადყოფს, რომ იმხანად საქართველოში მხატვრობა განვითარებული ყოფილა.
VII საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება გარიყულის ისტორიული, 4-სართულიანი საგუშაგო კოშკი, რომელშიც გამოკვეთილად მოჩანს სათოფურები და საბრძოლო მოედანი. კოშკში მოწყობილია ბუხარი და სარკმლები. სწორედ აქედან ადევნებდნენ თვალ-ყურს გარემოს ჩვენი წინაპრები და მტრებისგან იცავდნენ ცხავერისწყლის ხეობას.
გარიყულის ისტორიული ღირსშესანიშნაობაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე თარხნიშვილების „მარშლიანთ სასახლე“. ორსართულიანი ნაგებობა XIX საუკუნეში რიყის ქვებით არის ნაშენები. სასახლის კომპლექსში შედის ორგუმბათიანი აბანოც.
ყურადღებას იქცევს და დიდი პოპულარობით სარგებლობს 1885 წელს აგებული ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლი - პოლონელი თავადის ბოლგარსკის სასახლე. ახლა აქ თანამედროვე ხელოვნების რეგიონული ცენტრი „არტ-ვილა გარიყულა“ ფუნქციონირებს. ბოლგარსკების ძველი სასახლე პერიოდულად საერთაშორისო დონის გამოფენებს, ფესტივალებსა და ხელოვნების მოყვარულებს მასპინძლობს.