კურორტი წელიწადის ნებისმიერ დროს გიმასპინძლებს, თუმცა ზამთარი აქ განსაკუთრებულია. გომარდულში თოვლი ნოემბერში მოდის, აპრილამდე გრძელდება და სიმაღლით ხშირად 2-3 მეტრსაც აღწევს.
ეს იმას ნიშნავს, რომ აქაურობა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც თხილამურებით სრიალის სწავლა უნდა. შენს განკარგულებაშია 300 მეტრი სიგრძის სასრიალო ტრასა და ხელის საბაგირო. კურორტზე სათხილამურო სკოლაც ფუნქციონირებს.
გომარდულს სუბტროპიკული ფლორით დაფარული მთაგორიანი რელიეფი აქვს და მისი პეიზაჟები ყოველთვის კარგი სანახავია. ზომიერად ნოტიო ჰავის, მაღალი ხეებისა და ალპური მინდვრების ერთობლიობა საუკეთესო საშუალებას იძლევა იმისთვის, რომ მშვიდადაც დაისვენო და, როცა მოდუნება მოგწყინდება, თავგადასავლებშიც გადაეშვა.
გომარდული ასევე იდეალური ადგილია იოგის და მედიტაციის მოყვარულთათვის. სიწყნარე და სწორი სუნთქვა ორმაგად სასრგებლოა ამ სოფელში, რადგან მისი ჰაერი გულზე, სისხლძარღვებსა და სასუნთქ გზებზე დადებითად მოქმედებს.
გომარდულში ღამის გათენება სოფლის პატარა, ხის სახლებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებშია შესაძლებელი. აქვე შეგიძლია ადგილობრივი, მსუყე და ყუათიანი აჭარული კერძების დაგემოვნება. ისინი ძირითადად რძით, კარაქითა და ერბოთი მზადდება.