გომარეთში მოსახლეობის უძველესი ნაკვალევი ძვ. წ. IV ათასწლეულიდან დასტურდება. სოფლის მახლობლად აღმოჩენილია ანტიკური ხანის (ძვ. წ. IV-III სს.) ნაქალაქარი და მდიდარი არქეოლოგიური მასალა, რაც აქ მცხოვრებთა განვითარებაზე მიუთითებს: საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების იარაღი, ჭურჭელი, სამკაულით და სხვა.
ცნობისათვის - სოფელ გომარეთიდან, სულ რაღაც, 17 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქი დმანისი, სადაც აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი. ისინი ამ ტერიტორიაზე, როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, 1,8 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდნენ და მათ „პირველ ევროპელებს“ უწოდებენ.
სოფელში 5 ეკლესიაა, რომლებიც IX-XIII საუკუნეებით თარიღდება.
გომარეთის ცენტრში IX-X საუკუნეებში აგებული წმინდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესიის ეზოში საინტერესოა საფლავის ქვები. მათზე განსვენებულთა პროფესიებია გამოსახული: მეცხვარე, კირითხურო (ხელოსანი, რომელიც ქვის შენობებს აშენებს), ფეიქარი, მჭედელი, დურგალი და სხვა.
სოფელ გომარეთს თავისი სახალხო ზეიმი „გომარეთობა“ აქვს, რომელიც ყოველ წელს ერთ-ერთ უდიდეს მოძრავ საეკლესიო დღესასწაულზე, სულთმოფენობაზე აღინიშნება. ზეიმზე იმართება დოღი, ქართული ჭიდაობა, ეთნოგრაფიული გამოფენა და ადგილობრივი სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაცია.