KA

თხილვანა - აჭარის სოფელი მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობით

ბათუმიდან - 118, ხულოდან კი 30 კილომეტრის დაშორებით საქართველოს ბუნების, ისტორიული და კულტურული ძეგლების ნამდვილი საგანძური - სოფელი თხილვანა მდებარეობს. ზღვის დონიდან 1440 მეტრ სიმაღლეზე გაშლილი სოფელი უღელდაუდგმელ ხიხანისა და სხალთის ხეობებს გადმოჰყურებს და საქართველოს წარსულისა და აწმყოს შესახებ გვიყვება.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
7:45 სთ
ბათუმი
2:50 სთ
ქუთაისი
5:50 სთ

ხიხანის ციხე 

ხიხანის ციხე X-XI საუკუნეებშია აშენებული. ორი ხეობის მცველი მტრისთვის მიუვალი რომ ყოფილიყო, ციცაბო კლდის თავზე აუგიათ მხარის ერისთავებს - აბუსერიძეებს. 

ციხესიმაგრეს თამარ მეფის სახელსაც უკავშირებენ. ქართველთა მეფე ქალის ბრძანებით, ციხეში წმინდა გიორგის ტაძარი აუშენებიათ, სადაც თამარი ხშირად დადიოდა მოსალოცად. ამის გამო, ხიხანს თამარის ციხესაც უწოდებენ.

ხიხანის ციხეს მრავალი მიწისქვეშა გვირაბი ჰქონია. ომიანობისას ციხეში გამაგრებულები სოფლებს უკავშირდებოდნენ და საჭირო მარაგებს ასე ივსებდნენ. სწორედ ამიტომ, როდესაც მტერი თბილისსა და გორს სძლევდა, დიდგვაროვნები ხიხანის ციხეს აფარებდნენ თავს. 

იოანე მახარობლის ეკლესიის ნანგრევები 

იოანე მახარობლის ნაეკლესიარი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონდე ძეგლია. ის X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული და სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა.  არქეოლოგიური გათხრებისას აქ აღმოჩენილია ტიმპანის ქვა, რომელზედაც ტაძრის მშენებლების დალოცვა 7-სტრიქონიანი ასომთავრული ტექსტითაა ამოტვიფრული.  

თხილვანის მენჰირი 

მენჰირი ერთგვარი ვერტიკალური სვეტია, მარტივი კონსტრუქციის მეგალითური ნაგებობა. მისი სიმაღლე შეიძლება 20 მეტრსაც აღწევდეს. არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ მენჰირები დაკრძალვის წეს-ჩვეულებას უკავშირდება. სხვების აზრით, ისინი კონკრეტული თარიღის ან საზღვრის აღსანიშნავად იდგმებოდა. 

თხილვანის მენჰირი რკინის ხანას, ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებს განეკუთვნება. ის ქვის მაღალი სვეტია და მისი დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია. 

თხილვანის იაილები და შუამთის ტბები 

თხილვანის იაილები, ზაფხულის საძოვრები, ხიხანის ციხის მახლობლადაა გაშლილი. ზაფხულობით ისინი ულამაზეს მოჩითულ სივრცეს ქმნის. აქვეა შუამთის ტბები. მათ ირგვლივ მეთევზეების ხის სახლები დგას. ნისლი, ამ მხარის ხშირი სტუმარი, ირგვლივ ყველაფერს იდუმალების საბურველში ხვევს. 

თუ პიკნიკები და კემპინგი გიყვარს, მაშინ ამ ადგილებს აუცილებლად უნდა ესტუმრო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა