ისტორიულ წყაროებში ლაილაში პირველად XVIII საუკუნეში იხსენიება. თუმცა ამბავი მის სახელთან დაკავშირებით გაცილებით ადრეულ, კერძოდ, XVI საუკუნეს უკავშირდება. ამ დროს თურქებმა ახალქალაქი აიღეს და ხალხი სამცხე-ჯავახეთიდან გაიქცა. ეთნიკურად ებრაელმა და სომეხმა დევნილებმა მაღალმთიან ლეჩხუმს შეაფარეს თავი. აქაურობას მათ ღამით მოაღწიეს, გზას მთვარე უნათდება, ამიტომ ამ ადგილს „ლაილაში“ უწოდეს.
არაბულ ენაში „ლაილა“ ღამეს აღნიშნავს, თუმცა კავშირი ამ სიტყვასა და ლაილაშს შორის დადასტურებული არ არის, ისევე, როგორც ლაილაშის კავშირი მწვერვალ ლაილასთან, რომელიც სვანეთში მდებარეობს.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლაილაში ლეჩხუმის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი გახდა. ადგილს, სადაც მაშინ აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობდა, დღემდე „ბაზარს“ ეძახიან. ისტორიამ ლაილაშის ხანძრის შესახებაც შემოგვინახა ცნობები - 150 ხის სახლი, რომლებიც სოფელს ამშვენებდა, 1904 წელს ცეცხლმა გაანადგურა.
ლაილაშის ბიბლია ერთ-ერთია, რითაც აქაურობაა ცნობილი. X საუკუნით დათარიღებული უნიკალური ებრაულენოვანი ძეგლი დღეს საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული უნიკალური ოთხთავი, რომელიც ლაილაშის ეკლესიის მსახურებმა შექმნეს. სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟში ინახება ლაილაშში აღმოჩენილი კიდევ ერთი უნიკალური ძეგლი, ძვ.წ. XIV-XIII საუკუნეების ნამდვილი განძი - ბრინჯაოს ცულები.
ლაილაშის კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია 1871 წელს გახსნილი პირველდაწყებითი, საქალაქო საერო სკოლა, რომელიც იმ დროს ერთადერთი იყო ლეჩხუმ-სვანეთის მაზრაში.
ლაილაშის სოფლის სასაფლაოზე დგას დარბაზული ტიპის ეკლესია და სამრეკლო, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისით არის დათარიღებული. აქ ყოფილა ძველი ეკლესიაც, რომელმაც ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია.
სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის სომხური ეკლესიის ნანგრევები. ებრაელთა სინაგოგას ნახავ ლაილაშის „ბაზარში“. ისევ მოქმედია ებრაელების მიერ აშენებული აუზი - „ოქრონიშის წყალი“, სადაც ზაფხულში გაგრილება შეგიძლია.
აუცილებლად უნდა დაათვალიერო ლაჯანურის ულამაზესი ხეობა და ლაჯანურის წყალსაცავი.