KA

საგურამო

თუ გსურს, რეალური საქართველო იხილო, ქართულ სოფლებს უნდა ეწვიო. ერთ-ერთი ასეთი ადგილი საგურამოა, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 20კმ-ში მდებარეობს. ეს ძირძველი ქართული სოფელია, უნიკალური ისტორიით, უძველესი ძეგლებით, საოცარი ბუნებითა და თანამედროვე აგარაკებით.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
0:45 სთ
ბათუმი
5:10 სთ
ქუთაისი
3:00 სთ

საგურამოს ისტორია

თავისი წარსულიდან გამომდინარე, საგურამო ისტორიულ ძეგლად არის აღიარებული. მისი ისტორია კი გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანიდან იწყება და საქართველოს მატიანეში უამრავი მნიშვნელოვანი თარიღითაა შესული. 

ეს ადგილი XV საუკუნეში კახეთის მეფემ ალექსანდრე I-მა გუარამ ზედგინიძესა და მის ძმებს უწყალობა. სწორედ ამის შემდეგ დაერქვა მას საგურამო. მოგვიანებით ის გურამიშვილების სათავადოს ცენტრი გახდა. 1705 წელს კი საგურამოში დიდი ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი დაიბადა.

1905 წლის 20 მარტს სწორედ აქ გაიმართა გლეხთა ყრილობა, რომელთა მოთხოვნაც გლეხთა დროებითი ვალდებულებისა და ხიზნობის გაუქმება იყო. აგრეთვე, მიწების გადაცემა, გამოსასყიდი ფულის დაბრუნება და ამ ფულით საავადმყოფოების, სკოლებისა და გზების აშენება. ყრილობაზე დასახელებულ მოთხოვნებს შორის იყო წოდებების გაუქმება და ერობის დაწესებაც, რომლის წინამძღოლსაც ხალხი აირჩევდა.

საგურამო ის ადგილია, სადაც 1863 წელს, ქორწინების შემდეგ ილია ჭავჭავაძე დასახლდა. ის საგურამოს გზაზე, წიწამურთან მოკლეს. მისი სახლ-მუზეუმის ნახვისას, კიდევ უფრო მეტს გაიგებ იმ ადამიანის მოღვაწეობაზე, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

საგურამოს ბუნება 

საგურამოს ქედი, სადაც მრავალფეროვანი კოლხური ტიპის მცენარეები და  ფაუნის იშვიათი სახეობებია გავრცელებული, თბილისის ეროვნული პარკის ნაწილია.

სწორედ უნიკალური ბუნება განაპირობებს, რომ მის მიმდებარედ რამდენიმე კურორტი არსებობს - საგურამო, კარსანი, ზედაზენი, წიწამური და წეროვანი, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების, აგრეთვე, ნერვული სისტემის სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით გამოირჩევა.  

ამ გამორჩეული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გამო, საგურამო პოპულარულ სააგარაკო ადგილად არის აღიარებული. ის მიმზიდველია, როგორც მრავალმხრივი დასასვენებელი ტერიტორია, სადაც  შესაძლებელია როგორც საპიკნიკე გასვლები, ისე დიდი სალაშქრო მარშრუტების დაგეგმვა. აქვეა ზედაზნის მონასტერი, რომელიც ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა