სარფი ბათუმიდან სამხრეთით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, თურქეთისა და საქართველოს საზღვარზე მდებარე პატარა სოფელია დიდი ისტორიითა და ულამაზესი ბუნებით.
ზღვის წყალი აქ განსაკუთრებით თბილია - ზაფხულში ის, საშუალოდ, +25C გრადუსს აღწევს და გვიან შემოდგომამდეც ინარჩუნებს ტემპერატურას. მთიდან მონაბერი ჰაერი კი დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთშიც ზაფხულის ხვატს ძალას უკარგავს.
სარფი კარგი დასვენებისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს - აქ სასტუმროები სანაპიროსთან ძალიან ახლოს, სულ რამდენიმე ნაბიჯშია, ჰაერი კი ზღვისა და მთის სურნელითაა გაჯერებული.
სოფელში დგას საქართველო-თურქეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომლის შენობის პროექტი გერმანელ არქიტექტორსა და მხატვარს იურგენ მეიერ-ჰერმანს ეკუთვნის.
სარფის სანაპიროდან თურქული მეჩეთის მინარეთი მოჩანს, საიდანაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში მუეძინის ხმა ისმის.
თუკი აჭარის ველური ბუნების აღმოჩენა გსურს, მაშინ მდინარე ტობაში და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჩანჩქერი უნდა მოინახულო.
ეს ჩანჩქერი ხელოვნების მოყვარულებსაც დაგაინტერესებთ, რადგან იქ წმინდა ანდრია პირველწოდებულის მონუმენტი დგას, ქრისტეს მოციქულის, რომელიც ქრისტიანობის გასავრცელებლად საქართველოში სწორედ ამ გზით შემოვიდა.
ადგილობრივი კულტურისა და არქიტექტურის შესახებ მეტის გასაგებად სარფში ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმს უნდა ეწვიო და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია მოინახულო, რომელიც შუა საუკუნეების შემდგომ განვითარებული ქართული არქიტექტურის ნიმუშია.