KA

ტაბაწყური

სოფელი ტაბაწყური ბორჯომიდან 60 კილომეტრში, ტაბაწყურის ტბის ნაპირას, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ნაწილობრივ ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზეა გაშენებული. ტაბაწყურის ტბა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმაწყლიანი და უხვთევზიანი ტბაა. ტბის საშუალო სიღრმეა 15,5 მ, მაქსიმალური სიღრმე კი - 40,2 მ.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3:35 სთ
ბათუმი
6:35 სთ
ქუთაისი
4:25 სთ

ტბა დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე გაყინულია. სოფლის მცხოვრებლები გაყინულ ტბაზე ფეხითაც დადიან, თუმცა ეს მაინც საფრთხილოა და თქვენ მარტო ნუ გარისკავთ.

სოფელში თანამედროვე, ოჯახური ტიპის სასტუმროც არის, სადაც სოფლის პროდუქტებით გაგიმასპინძლდებიან. აქ ყველაფერი ნატურალურია: კარტოფილი, რძე, კარაქი, მაწონი, ხორცი და თევზი. შემოგთავაზებენ ტბაზე ნავით და მთაში ცხენით გასეირნებასაც. 

ტბა გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით, სადაც უამრავი სალაშქრო ადგილია. აქ კარვებით დარჩენაც შეგიძლია, თუმცა გაითვალისწინე, რომ ტაბაწყურში ზაფხულიც კი საკმაოდ გრილია.

ტბისა და ულამაზესი ბუნების გარდა, ტაბაწყურში ისტორიული ძეგლებიც არის:

პირდაპირ ტბის ნაპირზე დგას X საუკუნის „ტაბაწყურის წითელი ეკლესია“, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, და ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარეობს ტაბაწყურის თეთრი ეკლესია, რომელიც სომხური ტაძარია და, სავარაუდოდ, XIX საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა