მრავალფეროვანი ლანდშაფტის გარდა, სოფელში, შემაღლებულ გორაზე, XIX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის დარბაზულ ეკლესიას ნახავ, რომელიც 1893-1895 წლებში აშენდა. ეკლესია სხვადასხვა ზომის კარგად თლილი ქვებით არის ნაგები. ტაძარში წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულება ინახება, რომლის ორივე მხარეს მხედრული წარწერაა. ეკლესიის გვერდით სამრეკლოს ნანგრევებია.
სოფლის მთავარი სიმდიდრე კი მისი მცხოვრებლები არიან, რომლებიც დღემდე სათუთად უფრთხილდებიან ვაზის უნიკალურ გურულ ჯიშებს, გურულ მრავალხმიან სიმღერას, ღვინის წარმოებისა თუ გურული ღვეზელის მომზადების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.
ასე რომ, ჩოხატაურში მოგზაურობისას შუბანს აუცილებლად უნდა ესტუმრო; ის ერთ კილომეტრშია სოფელ ერკეთიდან, სადაც IX საუკუნის დედათა მონასტერი დაგხვდება, მის სამხრეთ კედელზე კი საქართველოში უიშვიათესი ფრესკაა - პილატეს მიერ ხელის დაბანა. აქ მოგზაურობა ნამდვილად დაუვიწყარი თავგადასავალი იქნება, რადგან წარმოუდგენელია ამ საოცარ მხარეს - გურიას ესტუმრო და განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით არ აივსო.