სოფელ ჩოხში გუდამაყრის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი - ქვითკირის სალოცავი მდებარეობს.
ჩოხიდან კი ძველი ნასოფლარისკენ აღმართს რომ აუყვები, მთის ფერდზე ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესიას დაინახავ, სადაც გუდამაყრელების წმინდა რელიკვია პირიმზე - ფუძის ანგელოზის ხატი ინახებოდა. ეს ვერცხლით მოჭედილი ჯვარი იყო, მხედრული წარწერითა და წმინდა გიორგის გამოსახულებით.
სოფელ ჩოხში დაიბადა და გაიზარდა ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი, რომლის შემოქმედებაც აღიარებულია როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ მწერლის სახლ-მუზეუმიც ამ სოფელში მდებარეობს.
საკმაოდ საინტერესოა, აგრეთვე, გუდამაყრის ტრადიციული სამზარეულო და სოფელ ჩოხში ათასწლეულების განმავლობაში ადგილობრივების მიერ დამკვიდრებული ლუდის ხარშვის ტრადიცია.
სოფელ ჩოხსა და მის შემოგარენში საუკეთესო ბუნებრივი პირობებია სათავგადასავლო ტურიზმისთვის, ამიტომ, თუ ჯომარდობა გიზიდავს, გაზაფხულსა და ზაფხულში შავი არაგვის საჯომარდო ტრასებსაც შეგიძლია ესტუმრო. შემოდგომაზე კი ფერადი გუდამაყარი, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 100 კილომეტრშია, საოცარ სანახაობას შემოგთავაზებს.