გორში 3529,7 კვ.მ-ზე განთავსებული კომპლექსი 40 ათასამდე ექსპონატს ინახავს და კარგად ასახავს საბჭოთა პერიოდის ყველაზე სასტიკი მმართველის ცხოვრების ისტორიას. მუზეუმში სულ ექვსი დარბაზია. პირველი დარბაზი სტალინის ცხოვრებას რევოლუციამდელ და რევოლუციის მიმდინარე პერიოდში წარმოგიდგენს. მეორე დარბაზი 1925-1940 წლების საბჭოთა ისტორიას გაგაცნობს. მესამე დარბაზი ფოტოდოკუმენტებს უკავია, სადაც არაერთი ისტორიული დოკუმენტია გამოფენილი. მეოთხე დარბაზში სტალინის გარდაცვალების შემდეგ აღებული ბრინჯაოს ნიღბის მეექვსე ეგზემპლარს ნახავ. ცალკე დარბაზი აქვს დათმობილი სტალინის საჩუქრებს, რომლებიც მეხუთე დარბაზს მთლიანად იკავებს. მეექვსე დარბაზში კი სტალინის სამუშაო გარემოა შექმნილი, ისეთი, როგორშიც ის 1918-1922 წლებში მუშაობდა. მუზეუმში დაცულია მატარებლის ვაგონი, რომელიც რევოლუციამდე რომანოვების საკუთრება იყო, შემდეგ კი სტალინი იყენებდა. ეს ვაგონი გამოიყენა სტალინმა იალტის ცნობილ კონფერენციაზე გასამგზავრებლად, რადგან ფრენა არ უნდოდა.
2010 წლიდან მუზეუმს კიდევ ერთი - რეპრესიების პერიოდის ამსახველი ექსპონატების ოთახი დაემატა, რომელიც სტალინური პოლიტიკის მსხვერპლთა შესახებ მოგითხრობს.