KA
White Studio

„თეთრი სტუდია"

ქართული კერამიკის ისტორია საუკუნეებს ითვლის, თეთრი თიხა კი, იგივე კაოლინი, უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს „თეთრ სტუდიაში“ (White studio) შეხვდები, რომელიც თბილისის ძველ უბანში, ვერაზე მდებარეობს და აქ თიხას „ველური მეთოდითა“ და შიშველი ხელებით ამუშავებენ. ეს ადგილი ერთ სივრცეში აერთიანებს შემოქმედებით სახელოსნოს, კერამიკისა და ტექსტილის გალერეას, კერამიკაზე მუშაობისთვის საჭირო მასალებისა და დანადგარების მაღაზიას. „თეთრ სტუდიაში“ ხშირად იმართება კერამიკის საერთაშორისო ფესტივალები, გამოფენები და მასტერკლასები. ეს ადგილი კერამიკის მოყვარულებს სასწავლო კურსებსაც სთავაზობს.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

ყველაფერი, რაც „თეთრ სტუდიაზე“ უნდა იცოდე 

აქ ყველაფერს ეროვნული ნიშანი აქვს, ულამაზეს კერამიკულ ნამუშევრებს, დახვეწილი ფორმების გარდა, ორიგინალური სახელწოდებებითაც გამოარჩევ. „თეთრ სტუდიაში“ ქართული ანბანით, ორნამენტებით, სიტყვებითა და სამკაულებით მორთულ ჭურჭელს, ზარდახშებს, სერვიზებსა და სანათებს შეხვდები.

აქვე შეგიძლია შეიძინო ულამაზესი მაგიდის სუფრები, ქართული ორნამენტებით გაფორმებული სააღდგომო და საახალწლო სუვენირები. აგრეთვე, ხელნაკეთი აბაზანის ნიჟარები, ხელნაკეთი პირსაბანები და აბაზანის სხვა აქსესუარები, რომლებიც ხელითაა მოხატული და მაღალი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული.

ექსკლუზიური ხელნაკეთი ნივთები ნებისმიერი ინტერიერისა და ექსტერიერისთვისაა განკუთვნილი. თეთრი თიხის გარდა, აქ მოხატული სანათების, კედლის პანოებისა თუ ჭურჭლის გასაკეთებლად წითელი თიხა და ფაიანსიც  გამოიყენება. 

„თეთრ სტუდიაში“ ყველა ნივთი  ექსკლუზიურია. 

როგორ მივიდეთ „თეთრ სტუდიამდე“?

„თეთრი სტუდია“ პეტრიაშვილის #18-ში მდებარეობს. აქ მოსახვედრად თბილისის ძველ უბანში მელიქიშვილის ქუჩიდან ფეხით ასეირნებასაც შეძლებ და გზად ბევრი საინტერესო შენობა შეგხვდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა