„კერამიკის ოთახი“ მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს - ლარნაკებს, დეკორატიულ ხელნაკეთ კრამიტს, საკომპოტეებს, სააღდგომო სუვენირებს, სანათებს, ქანდაკებებსა და სხვა ბევრ მრავალფეროვან ნივთს, თუმცა Ceramic Room Shop-ს განსაკუთრებული პროექტიც აქვს.
არც ისე დიდი ხანია, რაც ძველი თბილისის უბნებში კერამიკული აბრები გამოჩნდა. ფილებზე ფერით და ორნამენტით გაფორმებულმა წარწერებმა ძველი თბილისის უბნებს თავისებური ხიბლი შემატა. ასეთ აბრებს ორბელიანის, გუდიაშვილის მოედნებსა და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე, ინგოროყვას, 9 აპრილისა და პუშკინის ქუჩებზეც შეხვდები. აღსანიშნავია, რომ აბრების მსურველთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება.
საქართველოს გარდა, კერამიკული ფილებით სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ, მაგალითად, ლონდონში ქართული რესტორანი „მარანი“ გაიხსნა, სადაც თექვსმეტსაფეხურიანი კერამიკული კიბე ქართული ფარდაგის თემატიკითაა ინსპირირებული. უნიკალური საავტორო პროექტია ქართული ორნამენტებით დამზადებული ხელნაკეთი ფილებით მოპირკეთებული თბილისის სამხატვრო აკადემიისკენ მიმავალი კიბე, რომელიც რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩებს ერთმანეთთან აკავშირებს.