მაღაზია-სახელოსნოს საბჭოთა წარსული აქვს, ის 1970 წელს თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე გახსნილი სამკერვალო ფაბრიკა „ნინოს“ ბაზაზე შეიქმნა. „მფრინავი მღებავი“ კი ქართველი მოდერნისტი მხატვრის პეტრე ოცხელის ერთ-ერთი ნამუშევრის სახელწოდებაა.
მაღაზია-სახელოსნო სამ მიმართულებას აერთიანებს: არტისტების მიერ შექმნილ კონცეპტუალურ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, დიზაინერების პროდუქციასა და საბჭოთა ვინტაჟს.
აქ ყველა ნივთს, ტანსაცმელსა თუ აქსესუარს თავისი ბუნება და ხასიათი აქვს, რომელსაც საფუძვლად საინტერესო ისტორია უდევს.
მაღაზია-სახელოსნოში შეგიძლია ხელით შეკერილი პალტო შეიძინო, რომლის ანალოგიც არ არსებობს, აგრეთვე, საბჭოთა პერიოდის ჭურჭლის ნამსხვრევებისგან შექმნილი გულსაბნევები, სპარსული საგმირო ეპოსის ინსპირაციით გაწყობილი სამოსი და სხვა. აქვე თანამედროვე ყაბალახები, ტყავის ხელნაკეთი ჩანთები, კერამიკის სამკაულები, ჭიქები, „გამოსამშვიდობებელი“ ცხვირსახოცები, ვერცხლის სამკაულები და შუშის ბოთლებიც იყიდება – არჩევანი მართლაც დიდი და მრავალფეროვანია და თუ დროში მოგზაურობას მოისურვებ, მაღაზიაში 80-იანი წლების ბოლოს ფაბრიკა „ნინოში“ შეკერილი ტანსაცმლის შეძენასაც კი შეძლებ.