KA
Georgian souvenirs

ქართული სუვენირები

კარგი მოგონებების სამახსოვროდ ყოველთვის ვიტოვებთ ნივთს, რომელიც სასიამოვნო წუთებს გაგვიახლებს. შეუძლებელია, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქვეყანას, ტრადიციებით მდიდარ, გამორჩეულად სტუმართმოყვარე საქართველოს ეწვიო და აქედან სასიამოვნო მოგონებების გარეშე წახვიდე. საქართველოს ქალაქებში მრავლად იპოვი ნივთს, სუვენირს, რომელიც ქართული მოგზაურობის ემოციებს გაგიახლებს.    

ქართული სუვენირების მრავალფეროვნება

საქართველოში სუვენირების მრავალფეროვნებაა. არჩევანი დიდია, გააჩნია, რა ტიპის სუვენირს ეძებ და ვისთვის გინდა საჩუქრად. თუ ქართულმა კერძებმა და პროდუქტებმა ისე მოგნუსხა, რომ მისი დავიწყება არ შეგიძლია, თან წაიღე ჩურჩხელა, ტყლაპი, ჩირი, ღვინო, ყველი, სანელებლები და სხვა.  

ღვინოს თუ წაიღებ, ქართული ყანწიც გააყოლე, დარწმუნებული იყავი, ნამდვილად გააოცებ ყველას, ვისაც ღვინოს ყანწით შესთავაზებ. ქართული ტრადიციული ჭურჭლის არჩევისას, შეიძინე თიხის ჭურჭელი - დოქი, სურა, ფიალა ან ქოთანი. დახლებზე ქართულ ტრადიციულ ჭურსაც ნახავ, ისეთი ზომისას, სუფრაზე დასადებად და სასმისად რომ შეიძლება გამოიყენო.   

თუ ამ ყველაფერს იმ მაგიდაზე გაშლი, რომელსაც ქართული ორნამენტებით მორთული სუფრა ამშვენებს, სტუმრების აღფრთოვანებას უეჭველად დაიმსახურებ. 

ქართული ტრადიციული სამოსის ან აქსესუარების - ყაბალახის, ქუდის, ქართული სამკაულებისა და სხვა ნივთების წაღებით მუდამ გემახსოვრება, რომ საქართველოში ისე ცეკვავენ, როგორც არსად სხვაგან. სამოსი შეგიძლია შეიძინო როგორც მინიატიურულ, ისე სტანდარტულ ზომებში. 

ულამაზესი ქართული ფარდაგი ნამდვილად შთამბეჭდავი და უცხო იქნება შენს ინტერიერში. ძველად საქართველოში კედელზე დაკიდებულ ფარდაგს ხანჯალი ამშვენებდა და გირჩევ, ეს უძველესი საბრძოლო იარაღიც გაიყოლო. 

თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში შეძლებ შეიძინო სხვადასხვა სახის სუვენირი ადგილობრივი კულტურულ-ისტორიული ძეგლების გამოსახულებით, ეს იქნება ხუთჯვრიანი დროშა, გაერთიანებული საქართველოს რუკა, მომცრო სკულპტურები, დეკორატიული თეფშები, ტიხრული მინანქრის ნიმუშები თუ მაცივრის მაგნიტები. 

კეთილი იყოს შენი მოგზაურობა საქართველოში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა