KA

ტაბაწყური-თავკვეთილი-ლევანის ტბა-აბულის ტბა-განძანი

სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მისტიკური მხარეა თავისი ტბებითა თუ მთებით, სოფლებით, ტრადიციებით და იქ დაცული უძველესი ისტორიული ძეგლებით.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
სოფელი
ტაბაწყური

დღე I: ტაბაწყური - თავკვეთილი - ლევანის ტბა

ტური ტაბაწყურიდან იწყება, მაღალმთიანი ზონის სოფლიდან, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ზღვის დონიდან 1990-2040 მ სიმაღლეზე მდებარეობს და წელიწადის ყველა დროს ლამაზია სანახავია. 

ტაბაწყური ბორჯომიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. გაშენებულია ტაბაწყურის ულამაზეს ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზე. ტაბაწყურის ტბა საქართველოს ტერიტორიაზე (რიწის ტბის შემდეგ) სიღრმით მეორეა (მაქსიმალური სიღრმე - 40,2 მ, საშუალო სიღრმე - 15,5 მ.). 

Ტაბაწყურის ტბა გარიელის საბინადრო გარემოა და ამასთან დაკავშირებით სოფელში ინტერპრეტირებული ბილიკიც არსებობს.

ფრინველების გადაფრენის პერიოდში, რომელიც ზაფხულის მიწურულს იწყება და რამდენიმე თვე გრძელდება, ტაბაწყური, ისევე როგორც ზოგადად ჯავახეთის ტბები, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოგზაური წყალმცურავებისთვის დასასვენებელი და საკვები ადგილია. დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე კი ტბა იყინება. 

თავკვეთილი

ტაბაწყურის ლურჯი ტბის შემდეგ ლევანის მყინვარულ ტბასთან მიხვალ. ამისთვის გეზი აბულ-სამსარის ქედისკენ უნდა აიღო და თავკვეთილის ვულკანური მთა გადაიარო. აქ ზღვის დონიდან 2583 მეტრზე ადიხარ და საოცარი ხედები იშლება. გაზაფხულზე თავკვეთილის მთის კალთები ალპური ყვავილებითაა დაფარული. 

ლევანის ტბა

ჯავახეთის მაღალმთიან ტბებს შორის, ლევენის ტბა ყველაზე მაღლა - ზღვის დონიდან 2565 მეტრზე მდებარეობს. ტბის წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. ჰორიზონტზე გაწოლილი ნისლი თუ დაგხვდა, კიდევ უფრო ამაღელვებელი შთაბეჭდილებები გელის.

ლევანის ტბა იდეალური ადგილია ღამის გასათევად და მოხერხებულ საბანაკე ადგილსაც იოლად შეარჩევ.

დღე II: აბულის ტბა - სოფელი განძანი

შემდეგი გაჩერება აბულის ტბაა, რომელიც ლევანის ტბაზე პატარა, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავია. ის ზღვის დონიდან 2176 მეტრზე მდებარეობს. მაქსიმალური სიღრმე 1.4 მეტრია. ტბა გაუმდინარეა და მისი დიდი ნაწილი წყალმცენარეებითაა დაფარული.

სოფელი განძანი

აბულის ტბის შემდეგ სოფელ განძანს მიუახლოვდები, რომელიც მდინარე ფარავნის ორივე მხარეს, ზღვის დონიდან 2020-2070 მ სიმაღლეზე მდებარეობს. განძანში შემორჩენილია XIII-XIV საუკუნეების ორი ქართული ეკლესია და XIX საუკუნის სომხური ეკლესია.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა