ის სიმბოლისტი იყო, ერთ-ერთი დამაარსებელი ქართული პოეტური მოძრაობისა - „ცისფერყანწელები“, რომელმაც ლიტერატურაში ახალი მიმართულება შემოიტანა. ტიციანი ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყუმურისა და რიონის შესართავთან მდებარე სოფელ ჭყვიშში დაიბადა. იქ, სადაც ახლა მისი სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს.
საგამოფენო სივრცე ქვის ხიმინჯებზე მდგარი ოდასახლის სამ ოთახშია მოწყობილი. აქ მემორიალური ნივთებია გამოფენილი და წარმოდგენილია ტიციან ტაბიძის ფოტოები - ილუსტრირებული ფრაგმენტები მისი ცხოვრებიდან.
სამუზეუმო ექსპონატია თავად სახლიც, რომელიც XIX-XX საუკუნეების ქართული ყოფის თვალსაჩინო ნიმუშია, წინა და უკანა მხრიდან მიდგმული რიკულებიანი აივნებით, ოთახების წყობითა და საერთო კედელში ჩაშენებული ბუხრით, რომელიც ყველა ოთახისთვის ღიაა. სახლის უკანა ეზოში დგას ნალია, ასევე, ხის სამზარეულო ფასადებზე მიდგმული ფანჩატურით.
ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმში მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამები და იმართება ლიტერატურული გამოფენები, რომლებიც დიდი პოეტისა და დიდი ადამიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.