KA
Uraveli Gorge

ურაველის ხეობა

მდინარე ურაველი მტკვრის შენაკადია, ურავლის ხეობა კი ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ხეობისკენ გზა ქალაქ ახალციხიდან მიდის, თავად ხეობა კი 6 კილომეტრში, ურავლისა და მტკვრის შეერთების ადგილიდან იწყება.  ამ ხეობაში რამდენიმე საინტერესო ხუროთმოძღვრულ ძეგლს აღმოაჩენ.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ახალციხე

XIII საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ბაიები

ამ ადგილს სოფელ წყორძის დასავლეთით იპოვი; კლდის შუაში, ტერასებზე, 3-4 სართულად შენობებია შეფენილი. ერთმანეთის გვერდით ორი ეკლესია ნაწილობრივ კლდეშია ნაკვეთი. მათი გარე ფასადი მოჩუქურთმებულია. სამლოცველოში არის კლდეში ნაკვეთი გასაძრომი, რომელსაც სამალავის ფუნქცია ჰქონდა. 

აგარის სამონასტრო კომპლექსი

სამონასტრო კომპლექსის მთავარი ეკლესია X-XI საუკუნეებისაა და საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ერთნავიანი ტაძარია. დღეს კომპლექსი მხოლოდ ნანგრევების სახითაა შემორჩენილი, თუმცა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია XI-XII საუკუნეების სატრაპეზო და XIII-XIV საუკუნეების სამრეკლო.

სოფელი ურაველი

ხეობაში ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტიცაა - სოფელი ურაველი, რომელიც ქალაქ ახალციხიდან 17 კმ-ით არის დაშორებული და 1250 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ურავლის მინერალური წყალი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. აქ ზამთარში ტემპერატურა -4 C გრადუსამდე ეცემა, აგვისტოში კი +17 გრადუსს არ აჭარბებს. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა