რას გთავაზობს სოფლის ტურიზმის ყოველწლიური ფესტივალი „განდაგანა“?
სახელდახელო ბაზრობა ქალაქში ფესტივალისთვის სპეციალურად მოწყობილ დეკორაციებში იმართება. შემოდგომის ფერების სიჭრელე, ტრადიციული სამოსი თუ მორთულობა თითოეულ დახლს განსაკუთრებულს ხდის.
ზონებად დაყოფილ პავილიონებში რძის ნაწარმის, ღვინის, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულის, აჭარული კერძების, აგრეთვე, ხელნაკეთი ნივთების კუთხეებია.
აქ სასურველი სუვენირის არჩევასაც შეძლებ და შენთვის ჯერ კიდევ უცნობი თუ უკვე მონატრებული კერძების, ღვინის დაგემოვნებას. თუ სურვილი გექნება, კულინარიულ მასტერკლასებშიც მიიღებ მონაწილეობას.
ფესტივალ „განდაგანას“ ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია კონცერტები, რომლებსაც ფოლკლორული და თანამედროვე მუსიკალური ანსამბლები მართავენ. სიტყვა „განდაგანაც“ ფოლკლორიდან მოდის. ეს ცნობილი აჭარული ცეკვის სახელია. მას ფესტივალზე აუცილებლად შეასრულებენ.
აქ მხიარული შეჯიბრებები და კონკურსებიც გელოდება. გარდა იმისა, რომ დროს არაჩვეულებრივად გაატარებ, „განდაგანა“ მთელ აჭარაში ბათუმიდან გაუსვლელად გამოგზაურებს.