ფოლკლორული ფესტივალის მიზანია, საცხოვრებლად სხვაგან გადასულ ახალგაზრდებს უკან, საკუთარ ფუძეზე დაბრუნება აფიქრებინოს. ეს მოწოდება რაჭული სიდინჯით, გულწრფელობითა და მონდომებით კეთდება.
ღონისძიებისთვის გამოყოფილ ერთიან სივრცეში ეწყობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის კუთხე, სადაც მათთვის დამახასიათებელი ადგილობრივი რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებია გამოტანილი.
ფესტივალის ფარგლებში იმართება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, რაც საშუალებას მოგცემს, იქაურ გემრიელობებს გაეცნო და შეიძინო.
ბუნებრივია, ფოლკლორული ფესტივალი ვერ ჩაივლის ტრადიციული ცეკვებისა და სიმღერების გარეშე - სტუმრების წინაშე ადგილობრივი ანსამბლები და ჯგუფები წარდგებიან.
„ფუძეობაზე“ გაეცნობი ძველ ქართულ ტრადიციულ თამაშობებს: შუბოსნობას, სამჭიდს, ქვაჭილდაობასა და მშვილდოსნობას. თუ სურვილი გექნება, შეძლებ, თავადაც მოსინჯო ძალები სირბილში, მკლავჭიდსა და ჭიდაობაში.
ფესტივალის დასასრულს გამორჩეულ ადამიანებს საპატიო ამბროლაურელის წოდებას მიანიჭებენ და თუკი მთელი დღე აქ გაატარე, აუცილებლად დაფიქრდები, რომ რაჭაში დაბრუნება არაჩვეულებრივი იდეა იქნება.