ფესტივალი 2009 წლიდან ყოველ წელს იმართება და მასში მონაწილეობისთვის თანამედროვე არტისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან.
მათ შორის, სხვადასხვა წელს Fest I Nova-ს მონაწილეები იყვნენ: ICY AND SOT (ირანი), ლუკა ლასარეიშვილი (Luca Lazar, აშშ), იზა ტარასევიჩი (Iza Tarasewicz, პოლონეთი), გელა პატიაშვილი (Gela Patiashvili, საფრანგეთი), კატია მარგოლისი (Katya Margolis, იტალია), ოლგა და ალექსანდრ ფლორენსკები (Olga and Alexander Florensky, რუსეთი), ჟულიეტ ჯორჯი (Juliette George, საფრანგეთი) და ბევრი სხვა.
ძმები კირილე და ილია ზდანევიჩები, რომლებსაც ფესტივალის სახელი უკავშირდება, XIX საუკუნის თბილისური ხელოვნების უდიდესი ქომაგები იყვნენ. სწორედ მათ თბილისურ სახლში დაიბადა უამრავი ნოვატორული იდეა და აქედან დაიწყო თანამედროვე ქართული არტის გზა.
ფესტივალის მასპინძელია „არტვილა გარიყულა“, თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული ცენტრი, რომელიც გერმანული სახელოვნებო სკოლის, ლეგენდარული ბაუჰაუზის იდეაზე 2000 წელს შეიქმნა და დახვეწილი ხელოვნების სამსახურში ჩადგა.
„არტვილა“ თბილისიდან 60 კმ-ში, პატარა სოფელ გარიყულაში, 1885 წელს აშენებულ სასახლეში მდებარეობს. ხეხილითა და ვენახით გარშემორტყმული ამ ლამაზი შენობის არტვილად ქცევის იდეა თბილისელ მხატვარს ყარამან ქუთათელაძეს გაუჩნდა.
„არტვილა“ ხელოვნების მულტიფუნქციური ცენტრია. ის მოიცავს საგანმანათლებლო მიმართულებას, საგამოფენო სივრცეს, სადაც თანამედროვე ხელოვნების 300-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი, ახორციელებს კულტურულ პროექტებს რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, ხელს უწყობს ქართველი ხელოვანების ნამუშევრების პოპულარიზაციასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას.
არტვილას კონცეფციის უმთავრესი ელემენტი კი „ფესტინოვაა“, რომელიც საშუალებას გაძლევს, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელოვნებით სავსე გარემოში იცხოვრო და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული არტისტების ნამუშევრებსა და საერთაშორისო არტტენდენციებს გაეცნო.