ისევე როგორც XII -XIII საუკუნეთა მიჯნაზე აგებული ბევრი ტაძარი, ფიტარეთიც განმარტოებულ, დასახლებებისაგან დაშორებულ ხეობაში - კერძოდ, მდინარე ხრამის ხეობაში მდებარეობს.
მონასტრის კარიბჭეზე მითითებულია, რომ ის 1213-1222 წლებში აგებულა. ეს თამარის ძის - ლაშა გიორგის მეფობის ხანაა, როდესაც საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო. ფიტარეთის მონასტერი კი ამ ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშად მიიჩნევა.
კომპლექსი მოიცავს ღვთისმშობლის სახელობის ჯვარგუმბათოვან ეკლესიას, სამრეკლოს, ბაქანს, გალავანსა და სხვა დამხმარე ნაგებობებს.
ეკლესია გამორჩეულია ფასადის მორთულობით: მრავალფეროვანი, რთული ორნამენტები განსაცვიფრებელი ოსტატობით არის შესრულებული; კედლები კი სხვადასხვა ფერის ქვებითაა აგებული; ტაძარში არსებული საფლავების ქვები ბევრ ისტორიულ ცნობას შეიცავს.
დღესდღეობით ფიტარეთში მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. ყოველი წლის 4 დეკემბერს კი მონასტრის დღესასწაული - ფიტარეთობა აღინიშნება.
სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე ბარათაშვილ-ორბელიანთა საკუთრება იყო.