KA

ფიჭვნარის არქეოლოგიური კომპლექსი

თუ გინდა ანტიკურ საქართველოში იმოგზაურო, აჭარაში, ქობულეთის მახლობლად, ორი მდინარის, ჩოლოქისა და ოჩხამურის შესართავთან ანტიკური ხანის ნაქალაქარს - ფიჭვნარს უნდა ესტუმრო.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ქობულეთი

რა აღმოაჩინეს ფიჭვნარის არქეოლოგიურ კომპლექსში?

ფიჭვნარი 100 ჰექტარზე გაშლილი დიდი ქალაქი ყოფილა. მისი ასაკიც ცნობილია - ძვ.წ. II-I ათასწლეულები, რადგან გათხრებისას აქ ამ პერიოდის კოლხური კულტურის ნაშთი იპოვეს. მეტიც, აქაა ამიერკავკასიაში ბერძნულ ეთნოსთან დაკავშირებული, ძვ.წ. V-IV საუკუნეების ერთადერთი ძეგლი - ნეკროპოლი.

მთლიანობაში, ფიჭვნარში ექვსი კულტურული ფენაა ნაპოვნი. გათხრებმა აჩვენა, რომ ჩოლოქისა და ხერთვისის მიდამოებში გვიან ბრინჯაოს ხანიდან გაჩნდა სათემო დასახლებები, რომლებიც ძვ. წ. XII საუკუნეში დაბად გაერთიანდა, ძვ. წ.VI –V საუკუნეებში კი უკვე ქალაქად იქცა.

როგორ ცხოვრობდნენ მაშინდელი ქართველები და როგორი ქალაქი ააშენეს მათ - ამას ფიჭვნარის ნაქალაქარი მოგიყვება. აქ აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოს ხანისთვის დამახასიათებელი ჯარგვლის ტიპის ნაგებობები, ანტიკური ხანის ბათქაშიანი შენობების ნაშთი, მოკირწყლული ეზო-მოედნები და საკულტო დანიშნულების, ბერძნული კულტურისთვისაც დამახასიათებელი საგნები.  

აღსანიშნავია ასევე „ფიჭვნარული დოქი“, რომელიც მაშინდელი მეთუნეობის ნამდვილი შედევრია. აქ ნაპოვნია კოლხური ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშები და კოლხური მონეტები, მათ შორის, უმცირესი ნომინალები - ჰემიტეტარტემორიონები, რომლებიც მხოლოდ ფიჭვნარშია აღმოჩენილი და განსაკუთრებული ღირებულება აქვს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა